სხვა

17:19 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსთვალა კოლორიტი
ბადრი კეთილაძე გარდაიცვალა

ბადრიემ დაგვტოვა...

მეგობარმა, კოლეგამ, ძალიან მაგარმა ფოტოჟურნალისტმა და კიდევ უფრო მაგარმა ადამიანმა. ასეთი კეთილი კაცი ბევრი არ დადის ქვეყანაზე. სულ ჯუჯღუნებდა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით რაოდენი სითბო იმალებოდა ამ ვითომცდა უკმაყოფილო კაცის სიტყვებში.

არ მინდა ეს პატარა წერილი რაღაც ოფიციალურს დაემსგავსოს. ბადრის არ მოუხდებოდა. იუმორიანი, ენაკვიმატი და გულიანი ბრძანდებოდა. ქუთაისელი იყო...

უკურნებელ სენს ვერ მოერია. უცებ გათავდა კაცი.

პროფესიონალიო - თუ ვინმეზე იტყვიან საქართველოში ამ სიტყვას, ერთ-ერთი ბადრი კეთილაძე იყო. მოწესრიგებული, ერთთავად სამუშაოდ მომართული. ფანტასტიკურ ფოტოებს იღებდა. სურათები ხელოვნების ნიმუშებს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ ფოტოგრაფიას.

ახალი თაობის ფოტოჟურნალისტებსაც ბევრი უსწავლიათ მისგან. თვითონ მოვიდოდა, აგიხსნიდა რაღაცას და არ დაგამადლიდა.

90-იანი წლების დასწყისში გავიცანი, სტადიონზე. საქართველოს ჩემპიონატის მატჩში „დინამო“ თამაშობდა. მაშინ „რეზონანსში“ ვმუშაობდი. სპორტული ფოტოგრაფი არ გვყვავდა და კარის უკან ჩაცუცქული, ჩემი მოძველებული „ზენიტით“ რაღაცას ვაჩხაკუნებდი. უცებ მომიახლოვდა, გამეცნო, ჩანთიდან პროფესიონალური ობიექტივი ამოიღო და გამომიწოდა: ამით გადეიღე, აღარ იწვალებო.

იმ დღის შემდეგ დავმეგობრდით. მაშინ ქუთაისურ გაზეთ „ბურთი და მოედანში“ ირჯებოდა.

მერე წლების განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობა ჯერ „სარბიელში,“ შემდეგ „მსოფლიო სპორტში.“ თბილისის „დინამოს“ ფოტოგრაფიც გახლდათ.

ემოციური კაცი იყო და „სარბიელში“ ხუმრობით „ემოციონალეს“ ვეძახდით. ზემოთაც ვთქვით, მაგარი იუმორის პატრონი ბრძანდებოდა. კოლორიტი.

ერთხელ, ნაკრების შეკრებაზე ვიყავით. დიღმის ბაზის შესასვლელთან ვიდექით. ფეხბურთელები ავტობუსიდან გადმოდიოდნენ და ერთმა, მისთვის კარგად ნაცნობმა მოთამაშემ ახლოს ისე ჩაუარა, ყურადღება არ მიუქცევია. ეწყინა. მომიბუნდა და მეუბნება: ა, შეხედე. ეგი ბუჯო ორ მეტრაში ვერ მხედავს და მინდორზე რას დეინახავსო... ასეთი ამბები ასობითაა გონებაში ჩარჩენილი.

მისი გამოთქმები დროთა განმავლობაში ლამის აფორიზმებად იქცა.

ოჯახიც საუკეთესო ჰყავდა. მეუღლე ქ-ნი რუსუდან კალანდაძე და ქალიშვილი მარიამი (ბუბუ).

„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

0.173449