სხვა

2:31 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელმა კილდემ კიცბუელში დაშვების რბოლა მოიგო

ავსტრიის კიცბუელში, სამთო თხილამურობის მსოფლიო თასის მამაკაცთა დაშვების რბოლა გაიმართა, რომელიც ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ მოიგო. მას 0.42 წამით ჩამორჩა ფრანგი ვეტერანი იოჰან კლერი. მესამე ადგილი კი ასევე ფრანგმა, ბლეს გიზენდანერმა დაიკავა.

ამ უკანასკნელისგან ასეთ შედეგს ნაკლებად თუ ელოდა ვინმე. ის 43-ე გამოვიდა და უკან მოიტოვა ისეთი ფავორიტები, როგორიც არიან ავსტრიელი მათიას მაიერი და მსოფლიო თასის აბსოლუტური ჩათვლის შვეიცარიელი ლიდერი მარკო ოდერმატი.

30 წლის ომოდტ კილდემ ამ სეზონში უკვე მექვსე რბოლა მოიგო და კიდევ ერთში, რომელიც კვირას გაიმართება, ფავორიტი იქნება. ესაა ოლიმპიადის წინ, დაშვების ბოლო რბოლა.

„ძალიან კარგი გამოსვლები მაქვს. კარგ განწყობაზე ვარ. მუხლის ოპერაციიდან ერთი წლის შემდგ, უმაღლეს საფეხურზე ვდგავარ. ეს სასწაულია“, - განაცხადა ომოდტ კილდემ, ვინც მსოფლიო თასის დაშვების ჩათვლაში, პირველი ადგილიდან ფრანგი დომინიკ პარისი ჩამოაქვეითა. ის მეოთხე ნორვეგიელი მოთხილამურეა, ვინც კიცბუელში გამარჯვება შეძლო.

41 წლის კლერისთვის მეორე ადგილიც დიდი მიღწევაა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ის კვარცხლბეკზე სულ მეცხრედ დადგა. პირველად მან ეს 12 წლის წინათ შეძლო. მას მსოფლიო თასზე გამარჯვება არასდროს მოუპოვებია, მაგრამ კიცბუელში კვარცხლბეკზე მეოთხედ დადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100162