ჩოგბურთი

1:28 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ოსაკა ავსტრალიის ღიას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ბადე, მოქმედი ჩემპიონის, ნაომი ოსაკას გარეშე დარჩა. იაპონელი ჩოგბურთელი ამერიკელმა ამანდა ანისიმოვამ 4-6, 6-3, 7-6 (10-5) დაამარცხა. ოსაკას გადამწყვეტ სეტში ორი მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ რეიტინგში მე-60 ადგილზე მყოფმა ორივე გაუქვითა და თავად მიაღწია გამარჯვებას.

ამგვარად, მეოთხე წრეში ორი ფავორიტის - ოსაკას და მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ავსტრალიელი ეშლი ბარტის დაპირისპირება არ შედგება.

„უბრალოდ მინდა, ამ მომენტში სრულად ჩავიძირო. ძალიან ბედნიერი ვარ. საოცარი შეხვედრა იყო. ძალიან დაძაბული. ცუდია, რომ ორივეს მოგება არ შეგვეძლო“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

ოსაკას, ვისაც დიდი სლემის ყველა ტიტული ჰარდზე აქვს მოპოვებული, გადამწყვეტი სეტის მეათე გეიმში, თამაშის მოგების ორი შანსი ჰქონდა. მაგრამ 20 წლის ანისიმოვამ, ვინც რეიტინგში ტრავმების გამო დაქვეითდა, ორივე შემთხვევაში დაიძვრინა თავი. თავად კი პირველივე შესაძლებლობა გამარჯვებად აქცია.

ანისიმოვამ, ვინც რეიტინგში მისთვის უმაღლეს, 21-ე საფეხურზე 2019 წელს იყო, თამაშისას 46 ქულის მოპოვება შეძლო. ოსაკამ კი ეს მხოლოდ 21-ჯერ მოახერხა. ოსაკასთან გამარჯვების შემდეგ, მან განცხადა, რომ თავდაჯერება ერთი-ორად გაეზარდა და ეს შემდგომ შეხვედრებში გამოადგება.

ოსაკა გაოცებას არ მალავდა მეტოქის ძლიერი დარტყმების გამო. მან აღიარა, რომ ანისიმოვას დარტყმებთან შეგუებისთვის დრო არ ეყო. იაპონელი განსაკუთრებით, მეტოქის მიერ მოწოდებაზე დაბრუნებული ბურთებით იყო გაოცებული.

„ზოგ გეიმში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი. რამდენიმე ქულა, მხოლოდ ნებისყოფის წყალობით მოვიგე. ხანდახან ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ მეტოქისგან რამის სწავლა შემიძლია. დღეს სწორედ ასე იყო, მინდა, მის მსგავსად დაბრუნება შემეძლოს“, - განაცხადა ოსაკამ.

0.131127