კალათბურთი

10:22 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის სუპერთამაში: 31 წუთი "გოლდენ სტეიტთან" და ძალიან ახლოს ორმაგ დუბლთან (+VIDEO)

NBA-ში „ინდიანა პეისერსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ დაძაბულ ბრძოლაში 121:117 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. მატჩის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, რადგან ჯრუ ჰოლიდეიმ თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. დამატებით 5-წუთუელში კი „პეისერსი“ უკეთესი იყო და იმარჯვა კიდეც.

გოგა ბითაძემ 31:21 წუთი ითამაშა! ქართველ ცენტრს სოლიდური სათამაშო დრო მას მერე მიეცა, რაც „ინდიანას“ დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი გამოაკლდა. გოგამ ეს შანსი ჩინებულად გამოიყენა და დიდებულად ითამაშა.

ბითაძემ 13 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა, თანაც, თვით სტეფ კარის დაუფარა! ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სროლები უკეთ რომ გამოეყენებინა, ცხადია, მისი შედეგიანობა გაცილებით კარგი იქნებოდა, ორმაგ დუბლამდე კი ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ სტეფ კარი იყო, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო რასაც 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც წაამატა. ხოლო „პეისერსის“ ბომბარდირი 27 ქულით კრის დუარტე გახლდათ. 34 წლის გამთამაშებელმა ამ შედეგს 7 მოხსნა და 3 პასიც დაამატა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მექულეებში პირველი 6 შედეგიდან 5 ინდიანას კალათბურთელი იყო. გოგასა და დუარტეს გარდა, ჰოლიდეიმ 16, ჯეკსონმა 15 და ჯერემი ლემბმა 14 ქულა მიითვალეს. სწორედ ეს კალათბურთელები გახლდათ ბითაძის წინ.

„ინდიანამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, თანაც გასულ ტურში ლებრონ ჯეიმსის "ლეიკერსს" სძლია - რის შედეგადაც 17 გამარჯვებით და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს, დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „ფინიქს სანსთან“ სტუმრად ითამაშებს.

0.117037