მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის მერვედფინალში „ელჩესთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იტალიელმა აღნიშნა, ასეთი გამარჯვებები მას ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს, რადგან გუნდის მენტალობას და ხასიათს ყველაზე მეტად გადმოსცემს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ვფიქრობ, რომ ასეთი მატჩები ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ხასიათი, ძალა, ის არასოდეს ნებდება. ეს არის საუკეთესო რამ ამ თამაშში. მატჩი ძალიან რთული იყო, მაგრამ ხაზს ვუსვამ ამ გუნდის და ამ ფეხბურთელების ხასიათს. გაშვებულ გოლს გუნდმა კარგად უპასუხა. ძალიან ბედნიერი ვარ ისკოსა და აზარისთვის, რომლებიც ხშირად არ თამაშობენ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ელჩე“ – „რეალის“ მატჩი 90 წუთში უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში მადრიდელებს მარსელო გაუძევეს და გოლიც გაუშვეს, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში ისკოსა და ედენ აზარის გოლებით „სამეფო კლუბმა“ გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა.