ჩოგბურთი

2:09 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი „თამაშის გაუმჯობესებით“ კმაყოფილია

რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში, გერმანელ იანიკ ჰანფმანს 6-2, 6-3, 6-4 მოუგო, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მოგების გარდა, იმითაც არის კმაყოფილი, რომ თამაშის ხარისხს თანდათან აუმჯობესებს.

ნადალი მიმდინარე ტურნირზე, მისი ერთადერთი ყოფილი ჩემპიონია. ტურნირზე გამარჯვებით, ის დიდი სლემის 21-ე ტიტულს მოიპოვებს და ამ მაჩვენებლით, რეკორდსმენი გახდება. გარდა ამისა, ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ გახდება მეორე ჩოგბურთელი, ვისაც პროფესიონალურ ეპოქაში (1968 წლიდან), დიდი სლემის ყველა ტურნირი, ორ-ორჯერ ექნება მოგებული.

თუმცა თავად ესპანელი ჩოგბურთელი დაჟინებით იმეორებს, რომ მიმდინარე ტურნირზე, მისთვის მთავარი ტრავმის არმიღებაა. მას გასულ სეზონში, ტერფის ტრავმის გამო, რამდენიმე თვე გაუცდა, წინა თვეში კი კოვიდ-19-ით დაავადდა.

„ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად არ არის. მაგრამ აქ თამაშისას ვგრძნობ, რომ ჩემი თამაშის ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება. ამჟამად კმაყოფილი ვარ იმით, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, მესამე წრეში კიდევ ერთხელ ვითამაშებ“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც ავსტრალიის ღია 2009 წელს აქვს მოგებული.

0.122149