ჩოგბურთი

1:11 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა უკვე მესამე წრეშია

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. ამისთვის მან იოლად, 6-0, 6-4 დაამარცხა ამერიკელი მედისონ ბრენგლი. თუ მესამე წრეშიც მოიგებს, ოსაკას შანსი აქვს, მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდეს. და ეს ალბათ ტურნირის ქალთა ბადის მთავარი თამაში იქნება.

24 წლის ოსაკას, ვისაც ავსტრალიის ღია ასევე 2019 წელსაც აქვს მოგებული, მომდევნო წრეში მეტოქედ ამერიკელი ამანდა ანისიმოვა ეყოლება, ვისაც რეიტინგში მე-60 ადგილი უკავია.

ბარტიმაც თავისი საქმე იოლად გააკეთა - მეორე წრეში, კვალიფიკაცია გამოვლილ იტალიელ ლუცია ბრონძეტის 6-1, 6-1 მოუგო. მისი მომედევნო მეტოქეც იტალიელია - კამილა ჯორჯი.

ოსაკამ პირველ სეტში მეტოქეს მხოლოდ ცხრა ქულის აღების საშუალება მისცა. იაპონელი აგრესიულად თამაშობდა და მეტოქეს ერთხელაც არ მისცა ბრეიკის შანსი. თავად კი მისი ყველა მოწოდება აიღო და სეტიც მშრალად, 20 წუთში მოიგო.

რეიტინგში 54-ე ადგილზე მყოფმა ბრენგლმა რომ თავისი პირველი გეიმი მოიგო, სიხარული ვერ დამალა. როგორც ჩანს, ამან სტიმული მისცა და მეტოქეს ბრძოლა გაუმართა. მეშვიდე გეიმში მან ოსაკას მოწოდებაზეც კი შეძლო გეიმის მოგება და სეტებში ანგარიშის გათანაბრების შანსიც გაუჩნდა. მაგრამ ამ დროს ოსაკა გამოფხიზლდა, ზედიზედ სამი გეიმი მოიგო (მათ შორის, ორი მეტოქის მოწოდებაზე) და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„ეს იმ ტიპის შეხვედრა იყო, როგორებიც დიდი სლემის ტურნირზე მოთელვისთვის მჭირდება. როდესაც მეტოქე ბრეიკს იღებს და მაშინვე საპასუხო ბრეიკს მოიპოვებ, ეს გადამწყვეტი მომენტია“, - განაცხადა ოსაკამ, ვინც იმ მეშვიდე გეიმში ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც მის მეტოქეს შანსი მისცა და მანაც ეს შანსი გამოიყენა.

0.126734