ჩოგბურთი

0:01 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მარისთან ხუთ სეტში დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვინც დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბრიტანელ ენდი მარისთან 6-1, 3-6, 6-4, 6-7(5), 6-4 დამარცხდა.

მარი, ვისაც დიდი სლემის სამი ტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ ბოლოს ეს 2016 წელს, უიმბლდონზე შეძლო, რეიტინგში 113-ე ადგილზე იმყოფება და ტურნირზე სათამაშოდ, ორგანიზატორებისგან უაილდ ქარდის გამოწერა დასჭირდა. ცნობისათვის, ავსტრალიის ღიას ფინალში მას ხუთჯერ აქვს ნთამაშები. ბასილაშვილი კი 21-ე ნომრად იყო განთესილი. ისინი ერთმანეთს ბოლოს რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ და მაშინაც გამარჯვება ბრიტანელმა მოიპოვა.

მარისთვის ეს 2019 წლის შემდეგ, მელბურნში პირველი გამოსვლა იყო. იმ ბოლო შეხვედრაში, მან ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან ხუთ სეტში წააგო. 2018 და 2020 წლებში კი ტრავმის გამო არ უთამაშია. შარშან კოვიდ-19-ით დაავადდა და ტურნირი ამის გამო გააცდინა.

29 წლის ბასილაშვილმა ხუთი სეტის განმავლობაში, 99 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რიტაც მეტოქეს საქმე გაუადვილა. არადა შუა შეხვედრისას, ის გაცილებით მრავალფეროვნად თამაშობდა და მეტოქესაც მეტ პრობლემას უქმნიდა. ქართველი შეცდომებს მაშინ უშვებდა, როდესაც მეტოქეს კორტიდან გაჰყავდა და შესანიშნავად შესრულებულ კომბინაციას, მხოლოდ ერთი დარტყმით დასრულება სჭირდებოდა.

თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის ბოლო სეტში, თავიდან მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და ისე ჩანდა, რომ გამარჯვებული ისევ ტაიბრეიკზე უნდა გამოვლენილიყო. მეათე გეიმში, ბასილაშვილმა ორი მატჩ პოინტი მოიგერია, მაგრამ მესამეზე ბურთი ბადეს მოარტყა და შეხვედრაც დასრულდა.

„ის ხაზიდან წარმოუდგენელ დარტყმებს ასრულებს. ქულების გადასარჩენად ბევრი სირბილი დამჭირდა. ეს ის მეტოქე არაა, ვისთან ხშირად შეხვედრასაც ისურვებ. გარკვეული თავდაჯერება, ჩვენმა წინა შეხვედრამ შემძინა. მიხარია, რომ დღეს ეს ხაზი გადავკვეთე“, - განაცხადა მარიმ, ვინც მეორე წრეში, კვალიფიკაცია გამოვლილ იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება.

0.144386