ავტოსპორტი

4:10 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდას“ ფ1-ის შეფი აღიარებს, რომ ფორმულა 1-დან წასვლა შეცდომა იყო

„მაკლარენთან“ პარტნიორობაში გატარებული სამი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, „ჰონდა“ „რედ ბულთან“ გადავიდა და იმ მომენტში, როდსაც აშკარა გახდა, რომ მათ თანამშრომლობას კარგი პერსპექტივა ჰქონდა, იაპონურმა კომპანიამ ფ1-ის დატოვება გადაწყვიტა. ეს 2020 წლის ოქტომბერში მოხდა.

როგორც ჩანს, მაშინ „ჰონდას“ ხელმძღვანელობას აღარ სჯეროდა იმის, რომ მათი ძრავები პარტნიორებს ჩემპიონობამდე მიიყვანდნენ. მაგრამ გასულ სეზონში საპირისპირო დამტკიცდა - „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილი „რედ ბულით“ მოასპარეზე მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შვიდწლიანი გარჯა ტრიუმფით დაგვირგვინდა და... დასრულდა. „ჰონდას“ ფორმულა 1-ის პროგრამის შეფი მასაში იამამოტო დღეს ამბობს, რომ შესაძლოა, „ჰონდამ“ იჩქარა, როდსაც ფ1-დან წასვლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, კომპანიას თავისი პრიორიტეტები აქვს, მაგრამ წასვლა მაშინ, როდესაც მწვერვალზე ხარ, შსაძლებლობების გაფლანგვის ტოლფასად აღიქმება.

„ჰონდამ“ თავისი ძრავების წარმოება „რედ ბულს“ გადაულოცა, რომელმაც ამ რთული საქმის ორგანიზებისთვის, სპეციალური ცენტრი ჩამოაყალიბა და გამოცდილი ინჟინრებით (მათ შორის, მეტოქეთაგან გადმობირებულებით) დააკომპლექტა. ამასთან, „ჰონდა“ შეზღუდული ჩართულობით, ავსტრიელებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა წასვლა შეცდომაა. მაგრამ გადაწყვეტილებას კომპანია ღებულობს. და მე მესმის, რა ამოძრავებდათ მათ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მათს არჩევანს დავეთანხმოთ და შევასრულოთ. მაგრამ ჩვენ მომავალზე ფიქრს ვაგრძელებთ. და მე იმედი მაქვს, რომ ჰონდა ფორმულა 1-ში დაბრუნდება“, - ამბობს იამამოტო და დასძენს:

„რა თქმა უნდა, ეს საწყენია, მაგრამ უკვე 2020-ში ვიცოდით, რომ ეს უნდა მომხდარიყო. გასულ სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შესაძლებელი იყო. უბრალოდ, სხვაგვარი ფსიქოლოგიური მიდგომა შევარჩიეთ. სხვაგვარად ვმუშაობდით და გადაწყვეტილებებსაც სხვაგვარად ვღებულობდით. ყურადღება მხოლოდ ერთ ჩემპიონატზე გადავიტანეთ. და ვფიქრობ, რომ საქმეს თავი კარგად გავართვით. ჩვენ იმ მიზნებს მივაღწიეთ, რომლებიც დასახული გვქონდა.

როდსაც რედ ბულთან მუშაობა დავიწყეთ, მიზნად დავისახეთ, რომ ჩემპიონატში გამარჯვება სამ წელიწადში უნდა მოგვეპოვებინა. და სწორედ ამას მივაღწიეთ“.

იამამოტო ამბობს, რომ „რედ ბულის“ და „ალფატაურის“ მხარდასაჭერად, იაპონური კომპანიის ფ1-ის პროგრამის ბაზაზე, მხარდაჭერის ბრიგადები შეიქმნება, რომლებიც გუნდებს რბოლებისას დაეხმარებიან. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ „ჰონდა“ ძრავების წარმოებასა და სრულყოფაში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა დახმარებას ხელმისაწვდომი საშუალებებით გააგრძელებს.

0.114386