ფეხბურთი

1:54 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" გალიდერების შანსი გაანიავა, მსაჯს კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„მილანს“ შანსი ჰქონდა სერია A-ს სათავეში ჩადგომოდა, მაგრამ საკუთარ კედლებში „სპეციასთან“ უქულოდ დარჩა და „ინტერს“ ვერ გადაასწრო.

სტეფანო პიოლის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და 45-ე წუთზე დაწინაურების შანსი მიიღო, მაგრამ ტეო ერნანდესმა პენალტი არაზუსტად დაარტყა. მიუხედავად ამისა, „მილანმა“ ტაიმი მაინც მოიგო, რადგან რაფაელ ლეაომ ერთ წუთში მეტოქის კარი დალაშქრა. თუმცა, მეორე ნახევარი ლომბარდიელებმა ჩააგდეს და მალევე გოლი გაუშვეს. თამაშის ბოლოს კი მოხდა ის, რაზეც იტალიაში ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.

„მილანი“ უტევდა და შეტევა ჟუნიორ მესიასმა გოლით დაასრულა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა მარკო სერამ გოლამდე წამებით ადრე ჯარიმა დანიშნა. საქმე ისაა, რომ „სპეციას“ ფეხბურთელმა მანამდე თამაშის წესები დაარღვია, თუმცა შეტევა გაგრძელდა და მესიასმა გაიტანა. შესაბამისად, არბიტრს ყველანაირი საფუძველი ჰქონდა გოლი ჩაეთვალა, თუმცა, ასე არ მოიქცა და ჯარიმა დანიშნა. მატჩის შემდეგ მან ბოდიშიც მოიხადა და სამსაჯო კორპუსსაც მოუწია „მილანისთვის“ ბოდიშის მოხდა, სერას კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა, ეს მილანელებისთვის ვერაფერი ნუგეში იქნება, რადგან „სპეციასთან“ წააგო. მესიასის გაუქმებული გოლიდან სულ მალე, 96-ე წუთზე მასპინძლებს სტუმართა კონტრშეტევა გაეპარათ და - 1:2. შედეგად, „მილანს“ 48 ქულა დარჩა და ისევ მეორე ადგილზეა, 23 იანვარს კი „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ნაპოლიმ“, რომელიც სტუმრად „ბოლონიას“ ესტუმრა და მექსიკელი ირვინგ ლოსანოს დუბლით შინ 3 ქულით დაბრუნდა. შედეგად, ნეაპოლიტანელებმა 46 ქულას მოუყარეს თავი და მესამე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა, ცხადია, ლუჩანო სპალეტის გუნდს წინსვლის შანსიც აქვს და ზურგს უკან მყოფების სუნთქვასაც გრძნობს.

ფლორენციის „ფიორენტინას“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და მათ შორის, წინა ტურშ „ტორინოსთან“ 0:4 განადგურდა. ახლა კი, ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა ჯავრი „ჯენოაზე“ იყარა - 6:0. დუშან ვლაჰოვიჩმა დასაწყისშივე პენალტი გააცუდა, მაგრამ მერე მაინც გაიტანა, ხოლო კრისტიანო ბირაგიმ დუბლი შეასრულა და იტალიელმა მცველმა ორივე გოლი ჯარიმით გაიტანა. „ჯენოას“ კი ანდრეი შევჩენკოს გათავისუფლებამ ვერ უშველა - გენუური გუნდი გასავარდნადაა განწირული.

„ფიორენტინა“ – „ჯენოა“ 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ოდრიოსოლა (15), 2:0 ბონავენტურა (34), 3:0 ბირაგი (42), 4:0 ვლაჰოვიჩი (51), 5:0 ბირაგი (69), 6:0 ტორეირა (77)

„მილანი“ – „სპეცია“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ლეაო (45), 1:1 აგუდელო (64), 1:2 ჯაზი (90)

„ბოლონია“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლოსანო (20), 0:2 ლოსანო (47)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122244