ჩოგბურთი

0:54 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიას კოკო გოფი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა ამერიკელი თინეიჯერი კოკო გოფი, ვინც ჩინელ ვან ქიანთან 6-4, 6-2 დამარცხდა. გოფი მელბურნში მე-18 ნომრად იყო განთესილი.

გოფი 17 წლისაა და უკვე ორი წელია, საჩოგბურთო ელიტაშია. ის 2019 წელს გამოჩნდა, როცა 15 წლისამ, უიმბლდონის მეოთხე წრე მიაღწია. ეს მისთვის დიდი სლემის პირველი ტურნირი იყო. მომდევნო სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის ღიაზეც მეოთხე წრეში ითამაშა, შემდეგ კი, საფრანგეთის ღიაზე, მეოთხედფინალს მიაღწია.

მაგრამ ამჯერად, ის თავის თავს არ ჰგავდა. შეხვედრის 73 წუთის განმავლობაში, 38 უნებლიე შეცდომა დაუშვა მეტოქესთან, ვინც რეიტინგში 110-ე ადგილზე დგას. სხვათა შორის, ქიანს ავსტრალიის ღიაზე, ორი წლის წინათ, სერენა უილიამსი ჰყავს დამარცხებული და ერთ დროს, რეიტინგში მე-12 ადგილი ეკავა.

„არ ვიცი, ეს უბრალოდ უიღბლო დღე იყო, თუ აქაურ პირობებთან შეგუება ვერ მოვასწარი. პირველი გეიმები მგონი საკმაოდ დაძაბული იყო. მაგრამ ჩვეულებრივზე მეტ შეცდომას ვუშვებდი. დღეს არაფერი გამომდიოდა. ყველაფრით უკმაყოფილო ვარ. სეზონისთვის თავდაუზოგავად ვემზადებოდი. ვფიქრობდი, რომ აქ კარგად გამოვიდოდი. მაგრამ ასე არ მოხდა“, - ამბობს გოფი.

დიდი სლემის შვიდი ტიტულის მფლობელი, შვედი მატს ვილანდერი, ვინც ამჟამად „ევროსპორტზე“ საჩოგბურთო მიმომხილველია, ფიქრობს, რომ გოფს ტაქტიკურად უკეთ მომზადება სჭირდება.

0.113704