ავსტრიის ალტენმარკტ-ზაუხენსეეში გამართულ ქალთა მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის რბოლაში, იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ გარისკა და გამარჯვებულის შამპანურიც დალია. ფერდბ კალბერლოხზე გამრთულ რბოლაში, მან უახლოეს მდევარს დაახლოებით 0.3 წამით აჯობა.
ტრასის პირველ სექციაში, ბრინიონეზე უკეთესი დრო რამდენიმე მოთხილამურეს ჰქონდა, მაგრამ მომდევნო სექციაში იტალიელს ბადალი არ ჰყავდა. საბოლოოდ, პირველ 20 ადგილზე გასულები, გამარჯვებულს 1.04 წამის ფარგლებში ჩამორჩნენ.
„სტარტიდან ბოლომდე ვუტევდი. დღეს ყველა მონაკვეთში უშეცდომოდ გავლა ძალიან რთული გამოდგა. რამდენიმე გოგო ტრასის საწყის მონაკვეთში ძალიან სწრაფი იყო. მაგრამ შემდეგ შეცდომებს უშვებდნენ“, - ყვება ბრინიონე.
იტალიელს სულ რაღაც, 0.04 წამით ჩამორჩა შვეიცარიელი კორინე სუტერი, ვინც ბოლო მონაკვეთში უმატა ტემპს და გამერჯვებამდე ცოტა დააკლდა. სუტერი დაშვებაში მსოფლიო ჩემპიონია და ეს მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო შედეგია. მესამეზე ავსტრიელი არიანე რადლერი გავიდა, ვისთვისაც ეს მსოფლიო თასზე პირველი კვარცხლბეკია.
აღსანიშნავია, რომ ბრინიონეს მუხლის პრობლემის გამო, ერთი კვირის წინ, სლოვენიაში გამართული გიგანტური სლალომის გამოტოვებამ მოუწია. მაგრამ ფიზიოთერაპევტების დახმარებით, ჩქაროსნული რბოლებისთვის მომჯობინდა.