ფეხბურთი

2:17 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" მოგებების სერია შეწყდა და "მილანს" გადასწრების შანსი გაუჩნდა

იტალიის სერია A-ში მილანის „ინტერის“ რვამატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. სიმონე ინძაგის გუნდმა ბერგამოში „ატალანტას“ ვერ მოუგო და შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა.

„ატალანტას“ კორონავირუსის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ ამით „ინტერმა“ ვერ ისარგებლა და ძვირფასი ქულები დაკარგა. თავის მხრივ, „ატალანტასაც“ აქვს საჩემპიონო ამბიცია და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა სურს, ამიტომაც, ქულები მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თამაში ურიგო არ ყოფილა და მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრე. შედეგად, „ინტერი“ 50 ქულით ლიდერია, თუმცა, ორშაბათს „მილანი“ „სპეციას“ თუ მოუგებს, „როსონერი“ გალიდერდება. „ატალანტა“ კი „იუვენტუსს“ ახლა მხოლოდ ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„რომამ“ საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლა და მძიმედ, მაგრამ მაინც აჯობა - 1:0. გამარჯვების გოლი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სერჟიო ოლივეირამ პენალტით გაიტანა. „პორტუს“ ყოფილ ფეხბურთელს „რომაში“ დებიუტი ჰქონდა, რაც გამარჯვების გოლით აღნიშნა. ჟოზე მოურინიოს გუნდი 35 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს „ლაციოსთან“ ერთად იყოფს.

„ვერონამ“ სტუმრად „სასუოლოს“ 4:2 მოუგო. მასპინძლებს ჯანლუკა სკამაკას ეფექტურმა გოლმა ვერ უშველა, რადგან იგორ ტუდორის გუნდში ჩეხმა ნახევარმცველმა ანტონინ ბარაკმა გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. დღის კიდევ ერთ მატჩში „ვენეცია“ „ემპოლის“ დაუზავდა (1:1). აქ გამოსარჩევი ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელის, ნანის საგოლე პასია, რომელიც სერია A-ში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა და პირველივე მატჩში მოედანზე შესვლიდან 2 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა, რომ საგოლე გადაცემა გაეკეთებინა.

სერია A-ს 22-ე ტური ორშაბათს სამი მატჩით დასრულდება: „მილანი“ – „სპეცია“, „ბოლონია“ – „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ – „ჯენოა“.

„სასუოლო“ – „ვერონა“ 2:4 (0:2)

გოლები: 0:1 კაპრარი (37), 0:2 ბარაკი (44), 1:2 სკამაკა (54), 1:3 ბარაკი (57), 2:3 დეფრელი (67), 2:4 ბარაკი (94)

„ვენეცია“ – „ემპოლი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ზურკოვსკი (26), 1:1 ოკერეკე (73)

„რომა“ – „კალიარი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სერჟიო ოლივეირა (33, პენ)

„ატალანტა“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114867