მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდმა ერ-რიადში გამართულ ფინალში „ბილბაო“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი ჩინებულ ფორმაშია, რაც ნახევარფინალში „ბარსელონას“ ძლევით დაამტკიცა, ხოლო „ბილბაოს“, ტიტულის შენარჩუნება სურდა, რადგან შარშან სუპერთასი სწორედ ბასკებმა მოიგეს.
თუმცა, კლასის ხარჯზე „რეალმა“ მშვიდად მოიგო. 38-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაიტანა, ხოლო 52-ე წუთზე კარიმ ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ბილბაოს“ ყველაზე რეალური შანსი 89-ე წუთზე მიეცა, მაგრამ ტიბო კურტუამ რაულ გარსიას პენალტი მოიგერია და ყველაფერი გადაწყდა.
მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ეს მე-12 ესპანეთის სუპერთასია, კარლო ანჩელოტისთვის კი „სამეფო კლუბში“ დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტული.
„რეალი“ – „ბილბაო“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მოდრიჩი (38), 2:0 ბენზემა (52, პენ)