ფეხბურთი

23:48 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„აბა, გვაჩვენეთ, სად არის თქვენი ევროპის თასი?“
კოუტინიოს შესანიშნავი რე-დებიუტი პრემიერლიგაში

„ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიმ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ. ეს „ქალაქელთა“ ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში.

დამსახურებულად მოვიგეთო, - თქვა შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა, ხოსეპ გვარდიოლამ და მართალიც იყო. „ჩელსი“ თავისას ცდილობდა, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებდა გადაცემების დროს, ვერ უმკლავდებოდა მასპინძელთა პრესინგს. მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუს შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარე ედერსონს ახლო მანძილიდან ვერ აჯობა. ეს იყო და ეს. ბევრი მომენტები არც „სიტის“ შეუქმნია. პირველ ტაიმში ჯეკ გრილიშის დარტყმა კეპა არისაბალაგამ მოიგერია.

მეორეში ასეთი შესაძლებლობა მასპინძლებს აღარ ჰქონიათ, მაგრამ მათ ჰყავთ დიდებული კაცი, კევინ დე ბრუინი, რომელმაც დამთავრებამდე ოცი წუთით ადრე შესანიშნავი გოლი გაიტანა თავის სტილში.

„სიტის“ ქომაგები მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და ხანდახან წაუმღერებდნენ ხოლმე: „აბა, გვაჩვენეთ, სად არის თქვენი ევროპის თასი?“ (შეგახსენებთ, რომ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სიტის“ სწორედ „ჩელსიმ“ მოუგო - 1:0).

ახლა „სიტი“ უშუალო მდევარ „ჩელსის“ 13 ქულით უსწრებს. არის კიდევ „ლივერპული,“ რომელმაც ორი თამაშით ნაკლები ჩაატარა და თუ ორივე მოიგო, ლიდერთან ჩამორჩენა 8 ქულა იქნება.

სეზონის ბოლომდე ჯერ ადრეა, მაგრამ თუ თამაშის ხარისხს და სტაბილურობას გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია მიმდინარე ტურნირში „სიტის“ ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

მაგრამ შაბათის სათამაშო დღის მთავარი ამბავი მაინც ფილიპე კოუტინიოს პრემიერლიგაში დაბრუნება გახლდათ. ბირმინგემში „ასტონ ვილას“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ესტუმრა და ბრუნუ ფერნანდეშის დუბლით 0:2 უგებდა. მაგრამ მასპინძელთა დამრიგებელმა, სტივენ ჯერარდმა, 68-ე წუთზე მიდორზე ახალწვეული ბრაზილიელი შეუშვა და არც უნანია, კოუტინიომ ბირმინგელეთა ორივე საპასუხო გოლში მიიღო მონაწილეობა. მეორე, გამათანაბრებელი კი თავად გაიტანა. ეს ბრაზილიელის 42-ე პრემიერლიგური გოლი გახლდათ და ინგლისური რე-დებიუტიც ჩინებული გამოუვიდა.


ინგლისი

პრემიერლიგა.

22-ე ტური. 15 იანვარი

სიტი - ჩელსი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 53 319

1:0 დე ბრუინი (70)

სიტი: ედერსონი, უოკერი, კანსელუ, ლაპორტი, სტოუნზი, ბერნარდუ სილვა, როდრი, დე ბრუინი (გიუნ დოგანი 85), ფოდენი (ჟეზუსი 88), გრილიში, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ჩელსი: კეპა, სარი, ტიაგუ სილვა, რიუდიგერი, ალონსო (მაუნტი 82), კოვაჩიჩი, ასპილიკუეტა, კანტე, პულიშიჩი (ვერნერი 69), ზიეში (ჰადსონ-ოდოი 69), ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ალონსო (7), კოვაჩიჩი (32)

ასტონ ვილა - მანჩესტერი 2:2

ბირმინგემი. „ვილა პარკი.“

0:1, 0:2 ფერნანდერში (6, 67), 1:2 რემზი (77), 2:2 კოუტინიო (82)

ასტონ ვილა: მარტინესი, კეში, კონსა (ჰოუსი 46), მინგსი, დინი, სანსონი (კოუტინიო 68), ლუისი, ჯეიკობ რემზი, ბუენდია, ინგზი (ჩუკვუემეკა 76), უოტკინსი

მწვრთნელი: სტივენ ჯერარდი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, ვარანი, ტელესი, დალოტი, მატიჩი, ფრედი, ელანგა (სანჩო 78), ფერნანდეში (ვან დე ბეეკი 89), გრინვუდი (ლინგარდი 89), კავანი

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

მსაჯი: ფევიდ კუტი

გაფრთხილება: დინი (27); მატიჩი (31), ფერნანდეში (46)

ვულვერჰემპტონი - საუთჰემპტონი 3:1

1:0 ხიმენესი (37 პენ), 2:0 კოდი (59), 2:1 უორდ-პროუსი (84), 3:1 ტრაორე (90+1)

ნორვიჩი - ევერტონი 2:1

1:0 კინი (16 საკ. კარში), 2:0 აიდა (18), 2:1 რიშარლისონი (60)

ნიუკასლი - უოტფორდი 1:1

1:0 სენ-მაქსიმენი (49), 1:1 პედრო (88)

0.188622