ჩოგბურთი

2:06 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნავრატილოვა ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გამგზავრებას ურჩევს

სახელოვანი ამერიკელი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა ნოვაკ ჯოკოვიჩს ურჩევს, „სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და შინ გაბრუნდეს“. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიის ვიზის მეორედ გაუქმებას, კვირას გაასაჩივრებს და თუ ვიზას დაუბრუნებენ, დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც ცხრაჯერ აქვს მოგებული, თამაშს შეძლებს.

„ნოვაკისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ იტყვის, „იცით რა? აქ მეტისმეტად ბევრი შეცდომაა და ეს კარგი არ არის. სწორი გადაწყვეტილება, სახლში წასვლაა. მაგრამ ვფიქრობ, ის ასე არ მოიქცევა, რადგან 21-ე ტიტული სურს“, - ამბობს ნავრატილოვა, ვისაც დიდი სლემის 18 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის სამი, ავსტრალიის ღიაზე.

ნავრატილოვა თვლის, რომ ჯოკოვიჩმა უნდა დაივიწყოს ანტი-ვაქცინაციის შეხედულებები, რაც კარგი იქნება ჩოგბურთისთვის და საერთოდ, მსოფლიო საზოგადოებისთვის.

„საკუთარი შეხედულებები უნდა გადალახო იმისთვის, რომ კარგი მაგალითი მისცე შენს ახლობლებს და საზოგადოებას. მე რომ მსგავს სიტუაციაში ვიყო და აცრა არ მინდოდეს იმის გამო, რომ ჩემი აზრით, ეს ჩემს სხეულს ავნებს, სხვები მე მომბაძავენ. ვაქცინას ყველა იკეთებს, რადგან ეს სწორი არჩევანია და ამას ქვეყანა მოითხოვს“, - ამბობს ნავრატილოვა და დასძენს:

„მას აქვს ვაქცინციაზე უარის თქმის უფლება. მას აქვს იმის უფლებაც, რომ არ ითამაშოს და ის არ უნდა გამოსულიყო გარეთ მაშინ, როცა ტესტმა ინფიცირება დაუდასტურა“.

0.120566