ფეხბურთი

2:37 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ბოლო წამზე! "ინტერმა" "იუვენტუსს" სუპერთასი მოუგო

იტალიის სუპერთასის 2022 წლის ფინალი დრამატული გამოდგა. დიდ იტალიურ დერბიში მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ საკუთარ მოედანზე თასის მფლობელ „იუვენტუსს“ გაეჯიბრა.

გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში შეხვდნენ თამაშს: „ინტერი“ დიდებულ ფორმაში და უძლიერესი შემადგენლობით - ერთი ფეხბურთელიც არ აკლდა სიმონე ინძაგის. „იუვენტუსი“ ცუდ ფორმაში არ იყო ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები, ფედერიკო კიეზა, მატიას დე ლიხტი, ხუან კუადრადო, დანილო.

თამაში საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. გამარჯვებულის გამასავლენად კი 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, როცა ალვარო მორატას ფლანგური გადაცემის მერე ვესტონ მაკკენიმ თავით გაიტანა და ანგარიში გაიხსნა. „ინტერს“ დიდი დრო არ დასჭირვებია გასათანაბრებლად - 10 წუთში ლაუტარო მარტინესმა პენალტით იხეირა - 1:1.

მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა. იქაც ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა და არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მოხდა. თუმცა, ბოლო, 120-ე წუთი იწურებოდა, როცა ტურინელთა მცველმა ალექს სანდრომ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, ჯორჯო კიელინის სუსტი და ცუდი პასი გაუკეთა, რომელიც მატეო დარმიანმა ჩაჭრა და ალექსის სანჩესი მოძებნა, რომელმაც 2 მეტრიდან საჩემპიონო გოლი გაიტანა. თამაშიც იქვე დასრულდა, აღარ განახლებულა...

„ინტერმა“ „იუვენტუსს“ დამატებით დროში 2:1 მოუგო და 2010 წლის მერე პირველად, ისტორიაში კი მეექვსედ მოიგო იტალიის სუპერთასი. ამ მხრივ რეკორდი „იუვენტუსს“ ეკუთვნის, რომელსაც ეს ჯილდო ცხრაჯერ აქვს მოგებული.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 2:1 დ.დ (1:1)

გოლები: 0:1 მაკკენი (25), 1:1 ლაუტარო (35, პენ), 2:1 სანჩესი (120)

0.112759