ჩოგბურთი

17:33 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ენდი მარისთან წააგო და სიდნეის ტურნირს გამოეთიშა (+VIDEO)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტური Sydney Tennis Classic-ით დაიწყო, თუმცა წარუმატებლად. ATP-ის 250-იანი ტურნირის პირველი წრისგან ქართველი ჩოგბურთელი თავისუფალი იყო და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ბრიტანელ ენდი მარის გაეჯიბრა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი, ხოლო მარი ATP-ს რეიტინგში 135-ე ნომერია (ბასილაშვილი 23-ე) და შესაბამისად, განთესილი არ გახლდათ. თუმცა, გამოცდილმა შოტლანდიელმა გამარჯვება მაინც მოახერხა.

თამაში 3 საათისა და 16 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი ბედი კი სამ სეტში გადაწყდა. პირველი სეტი ნიკოლოზმა 7:6 მოიგო და ყველაფერი ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელშიც 29 წლის ქართველმა 7:4 იმარჯვა. დაძაბული გამოდგა მეორე სეტიც. ამჯერადაც, პირველი სეტის მსგავსად ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი შეასრულეს და ტაიბრეიკამდე მივიდნენ, მაგრამ ამჯერად მარი უკეთესი იყო - 7:3 და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე და გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ნაკლებად იყო. ბასილაშვილმა საკუთარი პირველივე ჩაწოდება წააგო, სეტში 0:2 ჩამორჩა და მარის მიღებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია - 3:6. საბოლოოდ, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 7:6, 6:7, 3:6 წააგო და სიდნეის ტურნირს გამოეთიშა.

სხვათა შორის, ენდი მარის მწვრთნელი იან დე ვიტი გახლავთ, რომელიც მანამდე სწორედ ბასილაშვილის მწვრთნელი იყო. აქვე ვთქვათ, რომ მარის 8 ეისი და ერთადერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ქართველს კი 6 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეიდან მელბურნში გადაინაცვლებს, სადაც ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტარტს 17 იანვარს აიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ენდი მარი 1:2 (7:6, 6:7, 3:6)

0.115906