სხვა

3:59 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინმა მსოფლიო თასზე 47-ე სლალომი მოიგო

ავსტრიის სამთო კურორტ შლადმინგში, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინ, მსოფლიო თასის ბოლო სლალომი გაიმართა, რომელიც ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მოიგო.

ეს მსოფლიო თასზე, მის მიერ მოგებული 47-ე სლალომია და ამ მიღწევით, ერთ სახეობაში მოგებული რბოლების რეკორდი გააუმჯობესა. მასზე ერთით ნაკლები მოგება (ერთ სახეობაში) აქვს ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკს, ვისაც 1973-1989 წლებში 46 გიგანტური სლალომი აქვს მოგებული.

პირველი ცდის შემდეგ, შიფრინი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყო. მაგრამ მეორე ცდა, რომელიც საღამოს, ხელოვნური განათების აკომპანიმენტით შეასრულა, საუკეთესო ჰქონდა. მან უკან მოიტოვა სლოვაკი პეტრა ვლჰოვა, ვისაც პირველ ცდაზე პირველი ადგილი ეკავა.

ვლჰოვას წინა ექვსი რბოლიდან, ხუთი აქვს მოგებული და შლადმინგში დაკავებული მეორე ადგილით, სლალომში ბროლის გლობუსი გაინაღდა.

უნდა ითქვას, რომ ეს რბოლა ავსტრიის ფლახაუში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, შლადმინგში გადაიტანეს. ეს ტრასა როგორც წესი, მამაკაცთა მსოფლიო თასის რეზერვშია ხოლმე.

პეკინში ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს აიღებს.

0.112744