თურქეთის ნაკრებისა და „ქონიასპორის“ ფეხბურთელი აჰმეთ ჩალიკი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის მხოლოდ 27 წლის იყო.
კატასტროფა ანკარის მახლობლად გზატკეცილზე მოხდა და თურქული მედიის ცნობით, ჩალიკმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მანქანა სავალი გზიდან გადავარდა.
აჰმეთ ჩალიკი „ქონიასპორში“ 2020 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში ლევან შენგელიას თანაგუნდელიც იყო. მანამდე ის 2011-2017 წლებში „გენჩლერბირლიგის“, 2017-2020 წლებში კი „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.