ავტოსპორტი

1:28 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა ალ ატიასთან ჩამორჩენას კიდევ 7 წუთი მოაკლო

უკვე ზედიზედ მეორე ეტაპია, რაც სებასტიან ლოები ლიდერ ნასერ ალ ატიასთან ჩამორჩენას ამცირებს. ამჯერად მათ შორის სხვაობა, დაახლოებით შვიდი წუთით შემცირდა. თუმცა ყატარელი მრბოლი მაინც სოლიდურ, 38-წუთიან უპირატესობას ინარჩუნებს.

ლოებმ, ვინც „ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმის“ მანქანით ასპარეზობს, 395-კილომეტრიანი მერვე ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, ალ ატიას კი მე-11 დრო ჰქონდა. რბოლა „აუდის“ მატიას ეკსტრომმა მოიგო, მეორე საუკეთესო დრო კი მის თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელს ჰქონდა.

„სტარტიდანვე მაღალი ტემპით დავიწყე. მაგრამ საბურავი დამეშვა. ბორბალი მალე შევცვალეთ და იმავე ტემპით გავაგრძელეთ გზა. მერე ერთი სათადარიგო ბორბალი დავკარგეთ და ერთიღა დაგვრჩა. ამიტომ, ბოლოსკენ სიფრთხილე გადავწყვიტე“, - განაცხადა ლოებმა.

43 წლის ეკსტრომი ერთხელ რალიქროსში მსოფლიო ჩემპიონი იყო, ორჯერ კი გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი (DTM) აქვს მოგებული. ის დაკარზე პირველად ასპარეზობს და ეტაპიც პირველად მოიგო. რამდენიმე ეტაპის წინ, მეორე ადგილი დაიკავა.

მოტოციკლების კლასში, ეტაპი ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. მან სამი წუთით და 45 წამით აჯობა ავსტრიელ მათიას ვალკნერს, რომელმაც საერთო ჩათვლაშიც მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

„დღეს დიუნებში რამდენჯერმე წავიქეცი. შესაძლოა, მეტისმეტად გაუფრთხილებლად ვასპარეზობდი. საწვავის შევსების შემდგ კი უფრო ფრთხილ რიტმში გავაგრძელე“, - ამბობს გამარჯვებული.

0.241313