ფეხბურთი

17:35 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტრაბზონსპორმა" აზაროვის პოზიციაზე პოლონელი მცველი დაიმატა

თურქულმა "ტრაბზონსპორმა", რომლის რიგებში თითქოს საქართველოს ნაკრებისა და "დინამო ბათუმის" მცველის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, პოლონელი მარცხენა მცველის, ტიმოტეუშ პუხაშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თურქულ კლუბში 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გადასვლა საბოლოოდ გამოირიცხა, რადგან კლუბმა მის პოზიციაზე შევსება უკვე გააკეთა. პუხაში პოლონეთის ნაკრების წევრია და ბოლოს "უნიონ ბერლინში" თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, ის თურქეთშიც ჩავიდა, მაგრამ როგორც გაირკვა, პირობები ბოლო მომენტში შეიცვალა. თურქები ამტკიცებენ, რომ ფასი „დინამო ბათუმმა“ გაზარდა, ხოლო ზღვისპირელთა რიგებში ამბობენ, რომ პირობები სწორედ თურქებმა შეცვალეს და გარიგებაც ამიტომ ჩაიშალა. თურქული მედია წერდა, რომ „ტრაბზონსპორი“ 1.8 მილიონ ევროს იხდიდა, საიდანაც 40% „დინამო თბილისს“ ერგებოდა.

ირაკლი აზაროვმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გასულ სეზონში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ირაკლი ჯერჯერობით, „დინამო ბათუმში“ რჩება და ახალი სეზონისთვის აჭარელთა რიგებში მოემზადება, თუმცა, მის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ, მათ შორის, დაიწერა მოსკოვის „ლოკომოტივის“, „კრასნოდარისა“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115399