ავტოსპორტი

3:50 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა მეშვიდე ეტაპი მოიგო და ალ ატიასთან ჩამორჩენა შეამცირა

სებასტიან ლოებმა დაკარის რალი მარათონის მეშვიდე ეტაპი მოიგო და ლიდერ ნასერ ალ ატიასთან ჩამორჩენა შეამცირა. რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონისთვის, ეს მიმდინარე დაკარზე მოგებული მეორე ეტაპია.

ორი სანავიგაციო შეცდომის გამო, ლოებმა პარასკევს მეორე ადგილი დაკარგა. მაგრამ ერთდღიანი დასვენების შემდეგ, ფრანგმა 402-კილომეტრიან მეშვიდე ეტაპზე, რომელიც რიადში დაიწყო და ალ დავადიმიში დასრულდა, ეს პოზიცია ისევ დაიბრუნა.

გუნდ „პროდრაივ/ბაჰრეინის“ ლიდერმა მთელი დისტანცია „აუდის“ კარლოს საინსთან პაექრობაში გაატარა. თავიდან ესპანელი დაწინაურდა, ვინც 121 კილომეტრის შემდეგ, ყოფილ თანაგუნდელს 4 წამს უგებდა. მაგრამ შემდეგ ლოებმა ტემპს უმატა და უახლოეს მდევარს 5 წუთით და 26 წამით აჯობა. ოღონდ, რბოლა მეორემ არა საინსმა, არამედ ალ ატიამ დაასრულა.

ყატარელი მოგებას არც ცდილობდა. მისთვის მთავარი, რისკების მორიდება და სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება იყო. ერთ მომენტში ის ლოებს შვიდ წუთზე მეტით ჩამორჩა, თუმცა ეტაპის მიწურულს, ჩამორჩენის ნაწილი გააბათილა.

„აუდის“ გუნდისთვის ეს საკმაოდ წარმატებული ეტაპი იყო: საინსი მესამე ადგილს დასჯერდა, მისი თანაგუნდელი სტეფან პეტერანსელი კი მეოთხე ადგილზე გავიდა. მერვე ადგილი კი მათ შვედ თანაგუნდელ მატიას ეკსტრომს ერგო.

რბოლის საერთო კლასიფიკაციაში, ალ ატია ლოებს 44 წუთს და 59 წამს უგებს. დაკარის დასრულებას კი ხუთი ეტაპიღა უკლია.

0.118254