სერია A-ს 21-ე ტურში ძალიან დრამატული, საინტერესო და ლამაზი გამოდგა. ამის მთავარი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზეზი „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩია.
„სტადიო ოლიმპიკოზე“ ნამდვილი დრამა იყო. თამაში, რომელსაც არაფერი აკლდა, აბსოლუტურად არაფერი. ორივე გუნდს რთული სეზონი აქვს, ვერც ჟოზე მოურინიო ამართლებს მოლოდინს და ვერც მასიმილიანო ალეგრი. „რომამ“ შეხვედრის უმეტესი დროის განმავლობაში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ 3 ქულა „იუვემ“ მოიპოვა. არადა, 70-ე წუთამდე ამის წარმოდგენა ძალიან, ძალიან რთული იყო.
რომაელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ტამი აბრაჰიმის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ სულ მალე, ტურინელებმა გაათანაბრეს. პაულო დიბალამ ცაციათი ბრწყინვალე გოლი შეაგდო. პირველი ტაიმის შუაში „იუვემ“ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო და ფედერიკო კიეზა გამოაკლდა, რომელიც დაშავდა. კოშმარული იყო სტუმართათვის მეორე ნახევრის სტარტი, როდესაც 5-წუთიან ინტერვალში ჰენრიხ მხითარიანმა და ლორენცო პელეგრინიმ „ჯალოროსი“ 3:1 დააწინაურეს და თითქოს მაქს ალეგრის გუნდი განწირული ჩანდა. თვითონ ალეგრი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ხელმძღვანელობდა და მისი ასისტენტი მარკო ლანდუჩი გახდა ეპიკური გამარჯვების შემოქმედი.
დიახ, გამარჯვების, რადგან „იუვენტუსმა“, რომელიც 70-ე წუთამდე უიმედოდ აგებდა, ყველაფერი შეატრიალა. ჯერ იყო მანუელ ლოკატელის გოლი, მერე დეიან კულუშევსკიმ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მატია დე შილიოს აქტივშია. ეს ყველაფერი სულ რაღაც 7-წუთიან ინტერვალში მოხდა! თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. 83-ე წუთზე მატიას დე ლიხტი გააძევეს და „რომამ“ პენალტის შანსი მიიღო, მაგრამ ლორენცო პელეგრინის ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა. სხვათა შორის, პოლონელმა, რომელიც „იუვეში“ სწორედ „რომადან“ გადავიდა, ყოფილ გუნდთან პირველ წრეშიც მოიგერია პენალტი (ჯორდან ვერეტუს აჯობა). ამრიგად, შჩესნი მატჩის გმირი გახდა.
„იუვენტუსმა“ დაუვიწყარ მატჩში 4:3 მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, არა მარტო სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც. მოურინიოს „რომა“ კი, როგორც პორტუგალიელმა თვითონ თქვა, ფსიქოლოგიურ კოლაფსშია.
მილანის „ინტერი“ შესანიშნავ ფორმაშია და ლიდერობას ინარჩუნებს. სიმონე ინძაგის გუნდმა რომის „ლაციოს“ დაძაბულ ბრძოლაში, ცენტრალური მცველების, ალესანდრო ბასტონისა და მილან შკრინიარის გოლებით სძლია. შუაში იყო ჩირო იმობილეს გოლი, მაგრამ „ნერაძურიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ლიდერია.
„ინტერს“ კვალში „მილანი“ უდგას, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტეო ერნანდესის დუბლით „ვენეციას“ უპრობლემოდ 3:0 მოუგო და აშკარაა, რომ „ინტერის“ მთავარი და ყველაზე სახიფათო კონკურენტია.
სერია A-ში 21-ე ტურში სხვა მატჩებიც იყო: „ნაპოლიმ“ გენუის „სამპდორიას“ ანდრეა პეტანიას გოლით სძლია, ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად „უდინეზე“ 6:2 გაანადგურა, ხოლო „სასუოლომ“ ასევე სტუმრად „ემპოლის“ შანსი არ მისცა - 5:1.
„რომა“ – „იუვენტუსი“ 3:4 (1:1)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“
„რომა“ (3-5-2): რუი პატრისიო; იბანიესი, კრისტანტე, სმოლინგი; მეიტლანდ-ნაილსი, პელეგრინი (მაიორალი 88), ვერეტუ (პერესი 78), მხითარიანი, ვინა; აფანა-გიანი (შომუროდოვი 71), აბრაჰამი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, რუგანი, დე შილიო; ლოკატელი, ბენტანკური (არტური 64), მაკკენი; დიბალა (კიელინი 82), კინი (მორატა 64), კიეზა (კულუშევსკი 32)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 აბრაჰამი (11), 1:1 დიბალა (18), 2:1 მხითარიანი (48), 3:1 პელეგრინი (53), 3:2 ლოკატელი (70), 3:3 კულუშევსკი (74), 3:4 დე შილიო (77)
გამოუყენებელი პენალტი: პელეგრინი (83, მეკარე)
გაფრთხილება: ვერეტუ (50), იბანიესი (51), კრისტანტე (76) - კუადრადო (45), დე ლიხტი (52, 81), ლოკატელი (65)
გაძევება: დე ლიხტი (81)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 14 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დავიდე მასა
„ინტერი“ – „ლაციო“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბასტონი (30), 1:1 იმობილე (35), 2:1 შკრინიარი (67)
„ვერონა“ – „სალერნიტანა“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჯურიჩი (29), 1:1 ლაზოვიჩი (63), 1:2 კასტანოსი (70)
„ჯენოა“ – „სპეცია“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბასტონი (14)
„ნაპოლი“ – „სამპდორია“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 პეტანია (43)
„უდინეზე“ – „ატალანტა“ 2:6 (0:3)
გოლები: 0:1 პაშალიჩი (17), 0:2 მურიელი (22), 0:3 მალინოვსკი (43), 1:3 ჯიმსიტი (59, ა.გ), 1:4 მურიელი (76), 2:4 ბეტო (88), 2:5 მაეჰლე (89), 2:6 პესინა (90)
„ემპოლი“ – „სასუოლო“ 1:5 (1:2)
გოლები: 0:1 ბერარდი (13), 1:1 ჰენდერსონი (16), 1:2 რასპადორი (24), 1:3 სკამაკა (67), 1:4 რასპადორი (71), 1:5 სკამაკა (90)
„ვენეცია“ – „მილანი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (2), 0:2 ტეო ერნანდესი (48), 0:3 ტეო ერნანდესი (59)