იტალიის ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე კარიერას "ტორონტოში" გააგრძელებს და მომდევნო სეზონიდან MLS-ში ითამაშებს. ტრანსფერი კანადური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ინსინიემ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და სეზონში 11.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 4.5 მილიონი ევროც დაემატება. შედეგად, ლორენცოს ევროპული კარიერა დასასრულებს უახლოვდება, რადგან კანადურ გუნდს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეუერთდება, სეზონს კი "ნაპოლიში" დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 416 მატჩში 114 გოლი გაიტანა, 91-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
30 წლის ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ერთხელ კი იტალიის სუპერთასი. მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში 53 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და გასულ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.