ავტოსპორტი

2:59 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ ატიამ უპირატესობა გაზარდა

დაკარის მეშვიდე ეტაპის შემდეგ, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის გარშემო ჩატარდა, ყატარელმა ნასერ ალ ატიამ ლიდერობა 48 წუთამდე გაზარდა. ამასთან, მისი უახლოესი მდევარიც შეიცვალა. სებასტიან ლოების ნაცვლად, მეორე ადგილზე ახლა უკვე საუდელი იაზიდ ალ რაჯია.

ეტაპი კი ლოების არგენტინელმა თანაგუნდელმა (ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმი) ორლანდო ტერანოვამ მოიგო. მეორე ადგილი „აუდის“ შვედმა მატიას ეკსტრომმა დაიკავა. მესამე კი ალ რაჯი (ოვერდრაივ ტოიოტა) იყო. ალ ატია, ვინც „ტოიოტას“ საქარხნო გუნდის მანქანით ასპარეზობს, მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა.

„მიხარია, რომ დაკარის პირველი კვირა, სოლიდური ლიდერობით დავასრულეთ. მანქანა ძალიან კარგად მუშაობს. ეს დაკარია და აქ სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ, მომდევნო კვირაში რისკებს მოვერიდებით“, - განაცხადა ალ ატიამ.

მოტოციკლების რბოლა, 101 კილომეტრზე შეჩერდა, რისი მიზეზიც ძლიერი წვიმა გახდა. ამ დროისთვის, ავტომობილებს და სატვირთოებს უკვე გავლილი ჰქონდათ და მათ მიერ დატოვილი კვალი, წვიმამ გადარეცხა. ამ მომენტში, პირველ ადგილზე ავსტრალიელი დანიელ სანდერსი იყო, მეორე ადგილი კი რბოლის ლიდერმა, ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა დაიკავა.

ამ მოგებით, სანდერსმა კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორეზე კი ავსტრიელი მატიას ვალკნერია, ვინც სანდერლენდს ორი წუთით და 39 წამით ჩამორჩება.

დაკარზე ოთხშაბათი დასვენების დღეა. რალი მარათონი ქალაქ ჯედაში, 14 იანვარს დასრულდება.

0.11553