ფეხბურთი

11:02 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "არ მესმის მსაჯმა და VAR-მა რა გააკეთეს"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მილანთან“ (1:3) მატჩის შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა. „ჯალოროსის“ ამ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გაუძევეს (რიკ კარსდორპი და ჯანლუკა მანჩინი), ამასთან „მილანის“ სასარგებლოდ ორი პენალტი დაინიშნა.

ცხადია, პორტუგალიელ სპეციალისტს ამის ფონზე მსაჯობა არ მოეწონა და მატჩის მერე ეს ჟურნალისტების წინაშე არც დაუმალავს.

"ჩვენ ჯერ კიდევ თამაშში ვიყავით მაშინაც კი, როდესაც 0-2 ვმარცხდებოდით, მაგრამ როდესაც რიკ კარსდორპი გააძევეს, ყველაფერი დასრულდა. არც მსაჯი მომეწონა და არც ჩემი გუნდი. არბიტრისა და VAR-ის მუშაობის ხარისხი არაადეკვატური იყო. დავინახე, რომ აბრაჰამმა ხელი აამოძრავა, მაგრამ ეს არ გაკეთებულა ბურთის შესაჩერებლად. თუ ასეთი პენალტი დაინიშნება, მაშინ აუცილებელია პენალტის დანიშვნა ძანიოლოსა და როჯერ იბანესზე დარღვევისთვის. ან დადე სამი პენალტი, ან არცერთი. ჩვენ გვინდა თანმიმდევრულობა გადაწყვეტილებებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსაჯობის დონე დაბალი იყო. არ მიყვარს ამის გაკეთება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ მესმის, რა გააკეთეს დღეს მსაჯმა და VAR-მა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომას“ 20 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

0.113704