ფეხბურთი

2:08 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A არასრული ტურით განახლდა: "მილანი" სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს

საშობაო და საახალწლო პაუზის შემდეგ იტალიის სერია A განახლდა და მეორე წრე დაიწყო. დაიწყო ქაოსით, რადგან კორონავირუსის გამო ტურის 4 მატჩი გადაიდო და ცხადია, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება.

სამაგიეროდ, გაიმართა ტურის ორი ყველაზე გამორჩეული თამაში. „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა, „იუვენტუსმა“ – „ნაპოლის“.

ტურინის „იუვენტუსმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თავიდან ბოლომდე ჩართულიყო, მითუმეტეს, რომ მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. თუმცა, ალეგრის გუნდმა ვერ მოიგო და უფრო წაგებასთან იყო ახლოს, ვიდრე მოგებასთან. შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოდგა და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, მაგრამ გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს.

23-ე წუთზე დრის მერტენსმა ანგარიში გახსნა და ნეაპოლელები დააწინაურა, რასაც 54-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ უპასუხა. „იუვეს“ დიდი დრო ჰქონდა მოსაგებად, მაგრამ რეალური საგოლე შანსიც ვეღარ შექმნა. ყველაზე ახლოს გოლთან მოიზე კინი იყო, რომლის თავური კარს ასცდა, ხოლო პაულო დიბალას ერთხელ დავიდ ოსპინამ აჯობა.

შედეგად ფრე 1:1, რომელიც ცხადია, „ნაპოლის“ აწყობდა, რომელიც „იუვეს“ ისევ 5 ქულით უსწრებს და ტურინელთა მდგომარეობა ისევ საკმაოდ რთულია. „ბებერ ქალბატონს“ კალენდარიც არ აქვს კარგი და წინ კიდევ ერთი ურთულესი თამაში ელოდება, 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ.

„მილანი“ საჩემპიონო გუნდია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კორონავირუსის გამო სტეფანო პიოლის გუნდს დაცვის ცენტრში კალულუ-გაბიას დუეტით თამაში მოუწია, მაგრამ ერთი შეხედვით უცნაური წყვილის უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე ყოფნის მიუხედავად, გამარჯვება ძალიან იოლად და რაც მთავარია, დამაჯერებლად მოიპოვა.

„როსონერი“ დასაწყისშივე დაწინაურდა, როცა ოლივიე ჟირუმ პენალტი გაიტანა, ხოლო შესვენებამდე სხვაობა ორამდეც გაიზარდა. ამჯერადაც ჟირუმ იაქტიურა, მისი დარტყმა ძელს მოხვდა და დამატებაზე ჟუნიორ მესიასმა გაიტანა. ჟოზე მოურინიომ „რომამ“ ანტრაქტამდე შეამცირა სხვაობა და თამაშში დაბრუნდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვეღარაფერი გააწყო. უფრო მეტიც, რაფაელ ლეაომ ყველაფერს წერტილი დაუსვა - 3:1. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს რიკ კარსდორპისა და ჯანლუკა მანჩინის გაძევების გამო. „მილანს“ უფრო სოლიდურადაც მოგება შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა...

„მილანმა“ მოიგო და „ინტერთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, თუმცა მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რადგან „ბოლონიასთან“ გასამართი თამაში მასპინძელთა რიგებში ბევრი ინფიცირების რაოდენობის გამო გადაიდო. ცხადია, რომ მილანურ გრანდებს შორის სკუდეტოსთვის ბრძოლა გაგრძელდება და ალბათ, ბოლო ტურებამდეც, აი დანარჩენები ნელ-ნელა შორდებიან. მათ შორის, „ნაპოლიც“, რომელიც ტურინში მოპოვებული ქულით უკმაყოფილო არ უნდა იყოს, მაგრამ ვერც ბედნიერი იქნება, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლის გზაზე 2 მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა.

სერია A-ში 21-ე ტურის მატჩები მალევე, დამდეგ უიქ-ენდზე გაიმართება, ცხადია, თუ ვითარება კორონავირუსის პანდემიამ კვლავ არ შეაფერხა.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, რუგანი, ალექს სანდრო (დე შილიო 75); მაკკენი, ლოკატელი, რაბიო (ბენტანკური 66); ბერნარდესკი (დიბალა 66), მორატა (კინი 75), კიეზა (კულუშევსკი 81)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ნაპოლი“ (4-2-3-1): ოსპინა; დი ლორენცო, რაჰმანი, გაბრიელ ჟესუსი, გულამი; დემე, ლობოტკა (ძანოლი 90); პოლიტანო (ელმასი 76), ზიელინსკი, ინსინიე; მერტენსი (პეტანია 88)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 მერტენსი (23), 1:1 კიეზა (54)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (44), დიბალა (90) - დემე (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (5) – 16 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: სიმონე სოცა

„მილანი“ – „რომა“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ჟირუ (8, პენ), 2:0 მესიასი (17), 2:1 აბრაჰამი (40), 3:1 ლეაო (82)

„სასუოლო“ – „ჯენოა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დესტრო (7), 1:1 ბერარდი (55)

„ლაციო“ – „ემპოლი“ 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 ბაირამი (6), 0:2 ზურკოვსკი (8), 1:2 იმობილე (14), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (66), 2:3 დი ფრანჩესკო (75), 3:3 მილინოვიჩ-სავიჩი (90)

„სპეცია“ – „ვერონა“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 კაპრარი (59), 0:2 კაპრარი (70), 1:2 ერლიჩი (85)

„სამპდორია“ – „კალიარი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 გაბიადინი (18), 1:1 დეიოლა (55), 1:2 პავოლეტი (71)

თეგებისერია A
0.209191