რაგბი

15:18 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნები" ერთ თვეში იწყებენ

2022 წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნებს ზუსტად ერთი თვე დარჩათ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება.

ტურის დასკვნით მატჩში 6 თებერვალს, ბორჯღალოსნები პორტუგალიას „ავჭალაზე“ 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით, საფრანგეთისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი შარშან მე-13-ედ მოპოვებული ტიტულის დაცვას იწყებს!

პირველი წრის (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი) შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევ ზონას საქართველო 23 ქულით ლიდერობს, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 12 ესპანეთს, 9 რუსეთს და 0 ნიდერლანდებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის საგზურს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთი თამაშიდან სამს, ბორჯღალოსნები შინ გამართავენ. პორტუგალიის გარდა 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუსეთს დავუხვდებით, ხოლო 20 მარტს ესპანეთს „ავჭალაზე“ მივიღებთ. ორი თამაში გვაქვს სტუმრად – 12 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში და 12 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.

RUGBY.GE

0.152326