ბელგიურ „სერენს“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. ბელგიელებს ამიერიდან ჟან-ლუი გარსია გაწვრთნით.
59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა „სერენთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ჟორდი კონდომი შეცვალა, რომელიც ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.
„სერენმა“ 2021 წელი ძალიან ცუდად დაასრულა, ზედიზედ 5 მატჩი წააგო და იუპილერ ლიგაში 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 საფეხურზე დაქვეითდა. გარსიას დებიუტი 15 იანვარს, „უნიონთან“ შეხვედრაში შედგება.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში (ყველა ტურნირზე) გატანილი 11 გოლით „სერენის“ საუკეთესო ბომბარდირია.