საუდის არაბეთში მიმდინარე დაკარის რალი მარათონის მესამე ეტაპი კარლოს საინსმა მოიგო. დაკარის სამგზის ჩემპიონმა ესპანელმა, გერმანული კომპანიის ელექტრულ ჰიბრიდულ პირველი დიდი გამარჯვება მოუპოვა. თავად ესპანელისთვის, ეს დაკარზე მოგებული მეორმოცე ეტაპია.
255-კილომეტრიან დისტანციაზე, საინსმა 38 წამით აჯობა მეორეზე გასულ სამხრეთაფრიკელ ჰენკ ლატეგანს (ტოიოტა). იმავდროულად, ლიდერობა განიმტკიცა ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ (ტოიოტა), ვის კონკურენტ სებასტიან ლოებსაც (ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმ), გზად ორჯერ დაეშვა საბურავი და ტრანსმისია გაუჭირვეულდა, რის გამოც, იძულებული გახდა, მხოლოდ ორი წამყვანი ბორბლით გაეგრძელებინა რბოლა. ალ-ატიამ ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ამის მიუხედავად, ლოებთან უპირატესობა 37 წუთამდე გაზარდა.
პირველ ეტაპებზე შექმნილი პრობლემების გამო, „აუდის“ ეკიპაჟებს მოგების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვთ. ისინი მხოლოდ ეტაპებზე გამარჯვებისთვის იბრძვიან და საინსმა ეს მესამე ეტაპზევე შეძლო. ამ მოგების შემდეგ, საინსმა მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ლიდერ ალ-ატიას ორი საათით და 19 წუთით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ სარბოლოდ მომზადებული „აუდი RS Q e-ტრონი“ სამი ელექტრო ძრავით და ერთიც შიდაწვის ძრავით არის აღჭურვილი, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ ელექტრო ძრავებისთვის საჭირო ელექტრო ენერგია გამოიმუშაოს და ელემენტებში დააგროვოს.
მოტოციკლისტებს შორის, ეტაპი პორტუგალიელმა ჟოაკიმ როდრიგესმა მოიგო, ვისაც შარშანდელ დაკარზე სიძე, პაულუ გონკალვესი დაეღუპა. როდრიგესისთვის ეს რალი მარათონზე მოგებული პირველი რბოლაა. მხოლოდ მე-17 ადგილს დასჯერდა ბრიტანელი სემ სანდერლენდი, თუმცა ამის მიუხედავად, ლიდერის პოზიცია მაინც შეინარჩუნა.