საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა „ტრაბზონსპორში“ შესაძლო ტრანსფერზე WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა.
როგორც 19 წლის ფეხბურთელმა გვითხრა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი დადებითად დასრულდება. აზაროვმა აღნიშნა, რომ მცირე შეუთანხმებლობა იყო, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჯერჯერობით „ტრაბზონსპორის“ ფეხბურთელი არ ვარ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დალაგდება. არა მგონია, რომ ტრანსფერის შემაფერხებელი გარემოებები არსებობდეს. რაღაც უთანხმოება იყო, მაგრამ მოლაპარაკებები ჩვეულებრივად მიმდინარეობს და იმედია, კარგად დასრულდება.
ტრანსფერს მამუკა ჯუღელი აფერხებს? ეს არაფერ შუაშია. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა შეფერხება, ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ კარგად დასრულდება. თურქულ კლუბთან კომუნიკაცია პირადადაც მქონდა, მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - თქვა აზაროვმა.
თურქულმა მედიამ გუშინ დაწერა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო და ქართველი ფეხბურთელი თურქეთშიც იმყოფება, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ მახსოვს ვინ იყო ზუსტად, მაგრამ ერთ-ერთმა ფორუმელმა დაგიწერათ კომენტარი და განგიმარტათ რომ თამაშგარე კი არა, "ძელის მიერ მოგერიებული" ბურთის დამატების უფლება არ აქვს დამრტყმელ ფახბურთელს. იმის ნაცვლად რომ მადლობა გეთქვათ და თან ჩაგესწორებინათ, იმ პატიოსან კაცს კომენტარი წაუშალეთ და შეცდომით ჩაასწორეთ. ახლა ამასაც წაშლით ალბათ, მაგრამ სტატია მაინც ჩაასწორეთ, ისე რომ აღარ დაუშვათ შეცდომა. მადლობა