ფეხბურთი

16:30 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვის თურქულ გუნდში ტრანსფერი გადაწყდა და დეტალებიც ცნობილია

„დინამო ბათუმის“ მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ყველა გავლენიანი თურქული გამოცემა იტყობინება.

გავრცელდა ფოტოც, რომელშიც ჩანს, რომ აზაროვი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გადის და შესაბამისად, ის თურქეთში იმყოფება. თურქული მედია წერს, რომ მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა და აზაროვის სანაცვლოდ ტრაბზონელები 1.8 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 40% (720 ათასზე ოდნავ მეტი) "დინამო თბილისს" ერგება, სადაც აზაროვი 2020 წლამდე თამაშობდა. 19 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს იანვრიდან შეუერთდა.

აზაროვმა გასულ სეზონში „დინამო ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამაში წვლილი 3 გოლით და 5 საგოლე პასით (35 მატჩში) შეიტანა. ირაკლიმ საქართველოს ნაკრების ღირსება დღემდე 6 მატჩში დაიცვა.

„ტრაბზონსპორი“ კარგ სეზონს ატარებს და თურქეთის სუპერლიგას 19 ტურის შემდეგ 46 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ქონიასპორს“ 7 ქულით უსწრებს.

0.118731