ავტოსპორტი

4:27 | 2.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ატიამ დაკარი პროლოგის მოგებით დაიწყო

საუდის არაბეთში სტარტი აიღო დაკარის რბოლამ, რომლის პროლოგიც ყატარელი ნასერ ალ-ატიას გამარჯვებით დასრულდა. მან შარშანდელი რალი მარათონი მეორე ადგილზე დაასრულა, სულ კი დაკარი სამჯერ აქვს მოგებული.

„ტოიოტა ჰაილუქსით“ მოასპარეზე ალ-ატიამ 12 წამით აჯობა ასევე სამგზის ჩემპიონს და კლასიკურ რალიში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ესპანეთიდან, კარლოს საინსს, ვინც ელექტრომობილ „აუდი RS Q e-ტრონით“ ასპარეზობს. მესამე დრო სამხრეთაფრიკელ ბრაიან ბარაგვანათს (სენჩური რეისინგი) ჰქონდა.

პროლოგი მხოლოდ 19-კილომეტრიან დისტანციაზე ჩატარდა. ახლა მონაწილეებს ჯედადან ჰა’ილში, არასარბოლო ტემპში გადასასვლელად, 595 კილომეტრი აქვთ გასავლელი, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე იასპარეზებენ.

საინსის გარდა, „აუდის“ ელექტრომობილით დაკარის 14-გზის ჩემპიონი, ფრანგი სტეფან პეტერანსელი და შვედი მატიას ეკსტრიომიც ასპარეზობენ. გერმანულ კომპანიას შანსი აქვს, გახდეს პირველი მონაწილე, ვინც დაკარს ელექტრომობილით მოიგებს. პეტერანსელმა პროლოგი მე-14 შედეგით დაასრულა (ლიდერს წუთით და 12 წამით ჩამორჩა), ეკსტრომი კი მე-15 შედეგს დასჯერდა.

0.116059