სხვა

10:50 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტის 2021: ტრიუმფების და ისტორიული გამარჯვებების წელიწადი
2021 წლის ქართული სპორტის შეჯამება

ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. სხვადასხვა სინჯის ასეულობით მედალი, დამყარებული რეკორდები, დასამახსოვრებელი გამარჯვებები და კიდევ უფრო მეტის იმედი, ეს 2021 წლის ქართული სპორტის ისტორიაა.

ტოკიოს ოლიმპიადა

წლის მთავარი სპორტული მოვლენა კი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გვიან ჩატარდა. დევიზი - „მეტი ვიდრე რიოში“ შესრულებულია. საქართველოს დელეგაციამ ზაფხულის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა და 8 მედალი მოიპოვა.

პირველი ოქრო საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოუტანა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ტოკიოში გამგზავრებამდე ტრავმა მიიღო, თუმცა ყველას ცალი მხარით აჯობა და ტრიუმფალური გამარჯვება იზეიმა.

მეორე ოქროს კი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაეუფლა. მან იმ დროისთვის თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2021 წლის ბოლოს თავადვე მოხსნა.

ბექაურის და ტალახაძის გარდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან ვერცხლის მედლები ძიუდოიტებმა, გურამ თუშიშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, მოჭიდავეებიდან იაკობ ქაჯაიამ და გენო პეტრიაშვილმა, ხოლო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის დაუფლება შეძლო.

ვარლამ ლიპარტელიანი

2021 წელს, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ მიიღო.

ნინო სალუქვაძე

ოლიმპიური თამაშებით კარიერა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დაასრულა - ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. ის ოლიმპიადების ისტორიაშიც შევიდა და პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც 9 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ნინომ 1988 წელს სეულში ოქროსა და ვერცხლის, ხოლო 2008 წელს პეკინში ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც შეძლო.

პარალიმპური თამაშები

საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა ტოკიოს პარალიმპური თამაშებიც, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოძემ და ინა ქალდანმა, ასევე ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვიილმა დაისაკუთრეს. საქართველოსთვის პარალიმპიადაზე 3 მედალი ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში

ოქროს მედლის გარეშე დასრულდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი პლანეტის პირველობაზე ხუთი მედალი გამოდგა. ლერი აბულაძემ ვერცხლის, ხოლო ლაშა გობაძემ, რამაზ ზოიძემ, ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში კი სამი მედალი იყო - გენო პეტრიაშვილი ვერცხლს, ხოლო ნიკა კენჭაძე და ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

წარმატებული წელი ჰქონდათ ქართველ ძიუდოისტებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. ოქროს ლაშა შავდათუაშვილი, ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი, ბრინჯაოს მედლებს კი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

გარდა ამისა, 2021 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატიც გაიმართა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 5 მედალი დაისაკუთრა. 90 კგ წონით კატეგორიაში კი, ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ლაშა ბექაურმა ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლები ღვინიაშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ხოლო გურამ თუშიშვილს ბრინჯაოს მედალი ერგო.

საუკეთესო ძიუდოისტები IJF

წლის ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვის შედეგად, 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოახერხა. ახალგაზრდა ძიუდოისტი ილია სულამანიძე კი „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

რაგბი

არაერთხელ ჩაშლილი და გადადებული არჩევნების შემდგომ რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 42 ხმა 25 დელეგატისგან - სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან საზიარო “ანთიმოზ ივერიელის თასი” საქართველოში ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-14-ედ დაიტოვა. „ბორჯღალოსნებმა“ ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში მეცამეტედ იზეიმეს. მაისაშვილის მომზადებულმა გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო და მეორე ადგილოსანთან სხვაობა 10-ქულა იყო.

წელს სტარტი აიღო რაგბი ევროპის სუპერ თასმა, სადაც პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ გამოდის. ქართველმა მორაგბეებმა 4 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან 3 მოიგეს, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილს 20 ქულით ლიდერობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელი ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს.

ფუტსალი

2021 წელი ისტორიული გამოდგა ქართული ფუტსალისთვის. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით ჩაატარა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გავიდა და ეს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელებმა საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებებს აჯობეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს შეხვდება და მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

ფეხბურთი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წელს ცვლილება მოხდა. ვლადიმირ ვაისის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი დაინიშნა. ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა და ჯგუფში 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი კი „ჯვაროსნებმა“ ბათუმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებს 2022 წელს წინ ახალი გამოწვევა ელოდება და ერთა ლიგის C დივიზიონში ითამაშებს. მისი კონკურენტები კი ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებები იქნებიან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა

2021 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი „დინამო ბათუმის“ ტრიუმფით დასრულდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

გია გეგუჩაძის გუნდის კონკურენტი „დინამო თბილისი“ იყო, მაგრამ ზღვისპირელებმა სეზონი უფრო სტაბილურად ჩაატარეს და ნანატრი ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. „დინამო ბათუმმა“ ჩემპიონობა საკუთარ გულშემატკივრის თვალწინ, „აჭარაბეთ არენაზე“ იზეიმა.

საქართველოს თასი 2021 წელს „საბურთალომ“ მოიპოვა, რომელმაც ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი“ და სეზონი ტიტულით დაასრულა. 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმი“ ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე კი, „საბურთალო“, „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“.

ჩოგბურთი

2021 წელი წარმატებული გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი 250-იანი ტურნირის მოგება მოახერხა.

მარტში ნიკოლოზმა ყატარის ღია პირველობაზე იჩემპიონა და ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი გამარჯვება მეოთხედფინალურ სტადიაზე მოიპოვა, როდესაც ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში, 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

მაისში ბასილაშვილმა კიდევ ერთი ტურნირის მოგება მოახერხა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა მიუნხენის ტურნირზე ფინალში მასპინძელი იან-ლენარდ შტრუფი 6:4, 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილმა წლის ბოლოს ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში გასვლა მოახერხა. ნიკოლოზმა ინდიან ველსზე შესანიშნავად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა კამერონ ნორისთან წააგო, ისტორიის დაწერა მაინც შეძლო.

დასამახსოვრებელი წელი ჰქონდა ეკო გორგოძეს. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა შორის ერთი, ხოლო წყვილთა თანრიგში ექვსი ტურნირი მოიგო, რომელთაგანაც ყველაზე გამორჩეული 250-იანი კატეგორიის კლუჟის ტურნირის ჩემპიონობა გახლდათ.

კალათბურთი

2021 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო დახუნძლული ქართული კალათბურთისთვის. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაება, სადაც ორი მატჩი ჩაატარა. ილიას ზუროსის გუნდმა თბილისში უკრაინის ნაკრებს მოუგო და წარმატებული სტარტი აიღო, ხოლო მეორე ტურში სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა. შესარჩევი ეტაპი 2022 წელს გაგრძელდება.

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას კი ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პაატა გურასპაულის ოთხწლიანი პერიოდი დასრულდა, ხოლო მისი ადგილი ვეტერანმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ დაიკავა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.

ქართული კალათბურთისთვის 2022 წელი ისტორიული იქნება. სექტემბერში, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, ახალი დარბაზის მშენებლობა კი აქტიურ ფაზაშია. ილიას ზუროსის მომზადებული გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან, პირველი ტურის მატჩს ქართველი კალათბურთელები 1 სექტემბერს, ბელგიასთან გამართავენ.

სანდრო მამუკელაშვილი

ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და ახლა უკვე სანდრო მამუკელაშვილი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კარი კიდევ ერთმა კალათბურთელმა შეაღო. 22 წლის ფორვარდი NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ 54-ე ნომრად აირჩია. სანდრომ მიმდინარე სეზონში ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა.

კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონი კარატეშიც ჰყავდა. გოგიტა არქანიამ ნოემბერში, დუბაიში გამართულ უმთავრეს ტურნირზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა და 37 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. არქანიამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი

3 ოქრო და მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონობა. სპორტული 2021 წელი საქართველოსთვის ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატით დასრულდა, სადაც ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ყველაზე ძლიერი კაცი ისევ ქართველია. ლაშამ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ დააფიქსირა, ორჭიდში 492 კგ დაუგროვდა და სამივე კომპონენტში მსოფლიო რეკორდები დაამყარა. აღსანიშნავია, რომ მან ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისივე დაფიქსირებული შედეგები გააუმჯობესა. ლაშა 2021 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ტალახაძის გარდა, ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი შოთიკო მიშველიძემ მოიპოვა, რეზი დავითაძემ კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

სხვადასხვა

მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ქართველმა მოციგურავეებმა, UFC-ის მებრძოლებმა, სამბისტებმა, პარა მოფარიკავეებმა, მოჭადრაკეებმა. წინ კი ახალი გამოწვევებია, მათ შორის ყველაზე მთავარი კი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

0.124752