ფეხბურთი

0:35 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ეს ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება"

GFF Awards 2021-ის შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებმა კომენტარები გააკეთეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა.

როგორც ხვიჩამ აღნიშნა, ეს ძალიან დიდი ემოცია და მისთვის უფრო მეტი მოტივაციის მიმცემიცაა:

ხვიჩა კვარაცხელია (2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი): „ყველაზე დიდი ემოციაა, როცა შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები და ასე გაფასებენ. ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც დამაფასა. ეს ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება, რომ ასე გავაგრძელო და დადებითი შედეგი ვაჩვენო“.

ნინო სუთიძე (2021 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი): „ძალიან ბედნიერი ვარ, 2021 წელი ჩემთვის წარმატებული გამოდგა. ეს დიდი მოტივაციაა და ვეცდები, რომ მომავალშიც ამ დონეზე გავაგრძელო ასპარეზობა“.

ირაკლი აზაროვი (2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი): „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დამასახელეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში სხვა დიდი ჯილდოებიც მოვიპოვო“.

გიორგი გოჩოლეიშვილი (2021 წლის საუკეთესო გოლის ავტორი): „ამ გოლის შემდეგ ცოტა ხანი მართლა არაფერი მახსოვდა და დიდი სიხარული იყო. ძალიან დიდი ემოცია იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლი საუკეთესოდ დასახელდა და ვეცდები, რომ მომავალში უფრო მეტი ტიტული მოვიგო“.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „თითოეულ გამარჯვებულს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება“.

0.117588