ავსტრიის ლინცში ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც ფრანგი ტესა ვორლის გამარჯვებით დასრულდა. მან სლოვაკი პეტრა ვლჰოვა ჩამოიტოვა და ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
32 წლის ვორლიმ შლოსბერგის ტრეკზე, პირველივე ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და ლიდერობა მეორე ცდის შემდეგაც შეინარჩუნა. ჯამში ორივე ცდაზე მას ორი წუთი და 3.88 წამი დასჭირდა. გამარჯვებულს ვლჰოვა 0.30 წამით ჩამორჩა, მესამეზე კი შვედი სარა ჰექტორი გავიდა.
„დღეს რბოლა ძალიან სასიამოვნო იყო. ფერდობი კარგ მდგომარეობაში დაგვხვდა. ლიდერის რანგში ყოფნა სასიამოვნო იყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შემიძლია, ჩემს თხილამურებს ვენდო და ეს კარგია“, - განაცხადა ვორლიმ, ვისთვისაც ეს კარიერაში მსოფლიო თასზე მოპოვებული მე-15 გამარჯვებაა.
ჰექტორი პირველი ცდის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მეორე ცდაზე ორი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, ფრანგს 0.38 წამით ჩამორჩა. ეს მისთვის ზედზედ მესამე კვარცხლბეკია.
ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი და მსოფლიო ჩემპიონ, შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი შეჯიბრზე არ გამოსულან, რადგან კოვიდ-19-ით არიან ინფიცირებული და ლინცის რბოლების გაცდენა უწევთ.
შიფრინის არყოფნით იხეირა დაშვებაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა სოფია გოჯამ, ვინც რბოლა მე-12 ადგილზე კი დაასრულა, მაგრამ აბსოლუტურ ჩათვლაში შიფრინთან ჩამორჩენა მაინც შეამცირა. ახლა მათ შორის სხვაობა 93 ქულაა.
ოთხშაბათს ლინცში სლალომის რბოლა გაიმართება.