სხვა

2:55 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბორმიოს დაშვების რბოლა დომინიკ პარისმა მოიგო

იტალიის ბორმიოში მამაკაცთა შორის მსოფლიო თასის დაშვების რბოლა ჩატარდა, რომელიც იტალიელი დომინიკ პარისის გამარჯვებით დასრულდა. მან სტელვიოს ურთულეს ფერდობზე მეექვსე დაშვება მოიგო. პირველი გამარჯვება კი ცხრა წლის წინათ მოიპოვა. გარდა ამისა, ამავე ფერდობზე ერთხელ სუპერ გიგანტიც აქვს მოგებული.

ამგვარად, 32 წლის პარისმა დაადასტურა, რომ პეკინის თამაშებზე, დაშვებაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. სხვათა შორის, სტელვიოზე 2026 წლის ოლიმპიადის სამთო თხილამურობის ყველა რბოლა გაიმართება.

პარისმა წუთსა და 54.63 წამში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 0.24 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ მარკო ოდერმატს, ვინც მსოფლიო თასს აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობს. 24 წლის ოდერმატი გიგანტური სლალომის (ტექნიკური სახეობა) სეციალისტია და დაშვებაში მისი მეორე ადგილი მოულოდნელობა იყო.

მესამე ადგილიც შვეიცარიელმა მოთხილამურემ, ნილს ჰინტერმანმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.80 წამით ჩამორჩა. ეს მისთვის ზედიზედ მეორე კვარცხლბეკია. მესამე ადგილი მან ათი დღით ადრე, იტალიის ვალ გარდენაში დაიკავა.

მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა ავსტრიელი ფავორიტი მათიას მაიერი, მსოფლიო ჩემპიონი, შვეიცარიელი ბიტ ფოიცი კი დაეცა და ფინიშსაც ვერ მიაღწია. ბედად, ტრავმას გადაურჩა.

ამ მოგებით, პარისმა დაშვების ჩათვლაში 227 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მაიერი მას 10 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჰინტერმანმა, ვისაც 178 ქულა აქვს. აბსოლუტურში ლიდერ ოდერმატს 713 ქულა აქვს და 286 ქულას უგებს მეორეზე მყოფ მაიერს.

ბორმიოშივე 29 და 30 დეკემბერს სუპერ გიგანტის ორი რბოლა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113327