„დინამო თბილისმა“ „გაგრადან“ ნიჭიერი ქართველი მეკარე დავით კერესელიძე დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კერესელიძემ კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კი „გაგრას“ ღირსებას იცავდა და 2020 წელს საქართველოს თასის მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ისევე როგორც წელს, „გაგრას“ ეროვნულ ლიგაში აღზევებაში.
„დინამო თბილისისთვის“ კერესელიძე მეოთხე ახალწვეულია, მანამდე თბილისელებმა სამი ლეგიონერი, გოდფრი სტეფან ბიტოკი, დმიტრი ანტილევსი და სტანისლავ ბილენკი დაიმატა.