ფეხბურთი

1:40 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერზე, მამუკა ჯუღელზე, კრიტიკასა და ერთა ლიგაზე...

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულ გადაცემა „სპორტი იმედზე“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ხვიჩამ კომენტარი გააკეთა სატრანსფერო ჭორებზე, რომელიც ბოლო დროს მის გარშემოა, საქართველოს ნაკრების შანსზე ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რუსეთის პრემიერლიგაში თავის თამაშზე და კრიტიკულად განწყობილ რუსულ მედიაზეც:

ტრანსფერზე - „ჯერჯერობით ინფორმირებული არ ვარ, ისევ „რუბინის“ ფეხბურთელი ვარ და თუ რაიმე სიახლე იქნება, ალბათ, ყველა ერთად გავიგებთ და ვნახოთ რა მოხდება. ვაგრძელებ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას“.

„რუბინის“ წარუმატებელი სეზონი - „ცუდი პერიოდი გვაქვს, რამდენიმე თამაში წავაგეთ, ზოგჯერ არ გაგვიმართლა, მაგრამ მთავარია არ გავტყდეთ და ისე ვითამაშოთ, როგორც წინა სეზონში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

რუსული მედიის კრიტიკა - „დიდად ეს ჩემზე არ მოქმედებს. ყველას შეუძლია ის თქვას, რაც სურს და ყურადღებას არ ვაქცევ. შეცვლის შემდეგ ჩემი რეაქცია? ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული იმიტომ, რომ არც ისე კარგი თამაში მქონდა. უბრალოს ხელთათმანი დავაგდე ძირს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ იყო ეს სწორი საქციელი, შეცდომა გახლდათ, მაგრამ შეცდომისგან ვსწავლობთ და მეც ცხადია, ვისწავლი“.

მამუკა ჯუღელის შესახებ - „მე და მამუკა წლებია ერთად მოვდივართ, ჩვენი ოჯახები მეგობრობენ, დიდი როლი აქვს მას, ორივეზეა ყველაფერი დამოკიდებული. მასში დარწმუნებული ვარ და 100%-ით ვენდობი, მჯერა, რომ ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებს“.

რუსეთის პრემიერლიგაზე - „არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ჩემპიონატში რეგრესი მაქვს. იქ მივიღე გამოცდილება, ფიზიკურად გავძლიერდი, არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რეგრესი მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“.

ერთა ლიგაზე - „რა თქმა უნდა, ნაკრებს შეუძლია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც ყველას ერთად გვაქვს. ჩემთვის და მთელი გუნდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან იქნება“.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. 20 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 11 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.11915