100 მეტრზე ბრასში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ადამ პიტი ამბობს, რომ მიზნად ისეთი რეკორდის დამყარება დაისახა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გააუმჯობესებს.
ამ მიზნის მისაღწევად, მან და მისმა მწვრთნელმა მელ მარშალმა შეიმუშავეს „პროექტი უკვდავი“, რომელიც მოცურავეს მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიაახლოვებს. პიტი არ მალავს, რომ რთული მიზნის დასახვა, მოტივაციის შენარჩუნებასა და თავისი დონის გაუმჯობესებაში ეხმარება.
პიტის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლისას, საკუთარი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებამდე ცოტა დააკლდა. ის ფიქრობს, რომ ეს კოვიდ-ის ბრალია, რომლის გამოც, მზადების პროცესში შეფერხებები ჰქონდა.
პიტის გრძელვადიან გეგმებში, პარიზის (2024) და ლოს ანჯელესის (2028) ოლიმპიადებზე გამოსვლაა. მაგრამ მისთვის უფრო დიდი მიზანი, ისეთი დროის დაფიქსირებაა, რომლის გაუმჯობესებასაც ვეღარავინ შეძლებს.
„მინდა ისეთი დროის ჩვენება, რომელიც სამუდამოდ დარჩება და რომელსაც ვეღარასდროს გააუმჯობესებენ. შემდეგ სამ წელიწადში, „პროექტ უკვდავით“ დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიო. ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ეს შევძლო. ამისთვის, შესაძლებლობების ზღვარს უნდა გავცდე“, - სკაი სპორტსთან საუბრისას ამბობს პიტი.