მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუს წასვლა დაგეგმილი არ ჰქონდა და კლუბს მხოლოდ აშრაფ ჰაკიმი უნდა გაეყიდა.
"ლუკაკუსთან ერთად ვარჯიშებზე ერთი კვირა გავატარე. იგი დიდებული ფეხბურთელია და მისი გაყიდვა დაგეგმილი არ გვქონდა, ჩვენ მხოლოდ ჰაკიმი უნდა გაგვეშვა. როდესაც მივხვდით, რომ ბელგიელი მიდიოდა, ჯუზეპე მაროტას და პიერო აუზილიოს ველაპარაკე და ჯეკოს ვარიანტი ვახსენე. მათ მითხრეს, რომ შეეცდებდნენ ბოსნიელის დამატებას. ედინი გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომ ყველას ეხმარება." - ციტირებს La Gazzetta dello Sport-ი ინძაგის სიტყვებს.
აგვისტოში ლონდონის "ჩელსიმ" რომელუ ლუკაკუ 115 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, ხოლო "ინტერს" ჯეკო თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იტალიის ჩემპიონატში "ნერაძური" 19 ტურის შემდეგ 46 ქულით პირველ ადგილზეა.