ფეხბურთი

18:39 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ოქროს მატჩის“ „ოქროს გოლების“ ავტორის საღამო „ლიდერ-ბეთში“

50 წელი გვაშორებს ქართული სპორტის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ დღეს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში „ოქროს მატჩად“ წოდებული შეხვედრა ჩატარდა. ჩვენმა დინამოელებმა მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 მოუგო და პირველად მოიპოვა უძლიერესის ტიტული. ცხადია, „დინამოს“ გაჩემპიონებაში წვლილი მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა შეიტანეს, ტაშკენტის ტრიუმფში კი გადამწყვეტი ილია დათუნაშვილის 2 გოლი გახლდათ. მან ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი „დინამო“ 2:1 დააწინაურა. საბოლოოდ „დინამომ“ 4:1 იმარჯვა, თავად ბატონი ილია კი იმდროინდელ პერიპეტიებს იგონებს:

ტაშკენტში ”ოქროს მატჩამდე” 4 დღით ადრე ჩავფრინდით. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა გავრიილ კაჩალინმა ადგილობრივი ”ფახთაქორის” ხელმძღვანელობას სთხოვა, მათ ბაზაზე დავებინავებინეთ. ეს მართლაც ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რადგან სასტუმროში დაბანაკებულებს შეხვედრისათვის მშვიდ გარემოში მზადების საშუალება ნაკლებად გვექნებოდა, ვინაიდან, პრაქტიკულად მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო იმხანად უზბეკეთის დედაქალაქისაკენ იყო დაძრული. ცხადია, წინასამატჩო დაძაბულობა იგრძნობოდა. 18 ნოემბერს სადილამდე ბიჭები შევიკრიბეთ და მოსალოდნელ პაექრობაზე ვსაუბრობდით. გიორგი სიჭინავა და ჯემალ ზეინკლიშვილი არ ჩანდნენ. მალე სიჭინავა გამოჩნდა, რომელსაც სახეზე ეშმაკური სიცილი დასთამაშებდა. ცოტა ხანში ვირზე უკუღმა შემჯდარი ჯემალიც დავინახეთ, რამაც ბიჭებს სახალისო განწყობა შესძინა. ჩვენს უკანახაზელს ტაშკენტის ბაზარზე ათ მანეთად სახედარი შეუძენია და ”ტორპედოს” ”დათარსვის” მიზნით მასზე უკუღმა წამოსკუპდა.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, თავიდან შებოჭილები ვიყავით. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, მოგების შემთხვევაში, საკავშირო პირველობების ლამის ოცთაათწლიანი გამოსვლის განმავლობაში, ”დინამო” პირველად გახდებოდა ჩემპიონი. მოგვიანებით ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი ალიოშა კოტრიკაძე გვეუბნებოდა, პირველი ტაიმის მსვლელობისას კაჩალინს სურდა ”ტორპედოს” გოლი გაეტანა, რათა დაძაბულობა მოგვხსნოდა და ჩვენი შესაძლებლობები გამოგვემჟღავნებინა. ასეც მოხდა. მოსკოველთა ბურთმა ფსიქოლოგიური წნეხი მოგვიხსნა და ინიციატივა ხელთ მყარად ვიპყრეთ. ძირითადი დროის დასრულებმადე ოციოდე წუთით ადრე ზედიზედ სამჯერ მოვიპოვეთ კუთხურის შესრულების უფლება. პირველ ორ შემთხვევაში ბურთი მეკარისაგან ახლო ძელთან ჩავახვიე. ორივე შემთხვევაში შაპოვალენკომ მოიგერია. მესამე დარტყმის შესრულებისას კი ბურთი შორეულ კუთხეში ჩავახვიე. ”ტორპედოს” მეკარისათვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. იგი ”წინა” ძელთან იდგა და ბურთსაც იქ ელოდა... რიგელი არბიტრის მიკელის რუბენისის მიერ დანიშნული დამატებითი დროის დასაწყისში მიშა მესხის პასით მეორე გოლიც გავიტანე, რასაც ჩვენმა მარცხენაფლანგელმა და სლავა მეტრეველმა კიდევ ორი მიამატეს და ოცნებაც აგვიხდა. თბილისში იმ საღამოსვე სპეცრეისით გამოვფრინდით. აეროპორტში მთელი ქალაქი დაგვხვდა“.

გამორჩეულ და გულშემატკივართათვის საყვარელ ფეხბურთელს ტოტალიზატორ „ლიდერ-ბეთში“ პროექტ „ლიდერების“ ფარგლებში შეხვედრა მოუწყვეს. საღამოს ორგანიზატორებმა ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ, გიგა გვენცაძემ, აგრეთვე ჯამლეთ ხუხაშვილმა, ქართული მედიის წარმომადგენლებმა, ბატონი ილიას კოლეგებმა, ვეტერანმა მოთამაშეებმა ბევრი ისაუბრეს ილია დათუნაშვილის ღვაწლზე ჩვენი ფეხბურთის წინაშე (ისე როგორ იქნებოდა, მის მიერ 1966 წლის საკავშირო ჩემპიონატის მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ თამაშისას მეორე ტაიმის 23 წუთში გატანილი 5 ბურთი არ გაეხსენებინათ) და დიდი გამარჯვების შემოქმედს ჯანმრთელობა, საოჯახო ბედნიერება უსურვეს. “მსოფლიო სპორტი” უერთდება ყველა მილოცვასა და სურვილს, ლამაზი, თბილი საღამოს მოწყობისთვის კი ორგანიზატორებს და სტუმართმოყვარე მასპინძელ “ლიდერ-ბეთს” მადლობას უხდის.

0.207379