ფეხბურთი

1:45 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს პირველი წრე დასრულდა: სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანელები დაწინაურდნენ

იტალიის სერია A-ში პირველი წრე დასრულდა და საშობაო პაუზა დაიწყო. ზამთრის ჩემპიონი ჯერ კიდევ წინა ტურში გახდა „ინტერი“, რომელმაც წელი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა.

სიმონე ინძაგის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ უმასპინძლა და დენზელ დუმფრისის ერთადერთი გოლით დაამარცხა. შედეგად, მილანურმა გრანდმა პირველი წრე 46 ქულით პირველ პოზიციაზე დაასრულა და 4 ქულით უსწრებს თანაქალაქელ „მილანს“.

„როსონერიმ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია სტუმრად „ემპოლისთან“ დაასრულა. სტეფანო პიოლის გუნდმა ორივე ტაიმში 2:1 იმარჯვა, საბოლოოდ კი 4:2. დუბლი შეასრულა ფრანკ კესიმ, თითოჯერ ალესანდრო ფლორენციმ და ტეო ერნანდესმა გაიტანეს. „მილანმა“ 42 ქულას მოუყარა თავი და მეორე პოზიციაზე ერთპიროვნულადაა, რადგან წააგო „ნაპოლიმ“.

ნეაპოლურმა გუნდმა შინ სენსაციური მარცხი განიცადა „სპეციასთან“, თანაც ისე, რომ სტუმრებს კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამთ. საქმე ისაა, რომ მატჩის ბედი ჟუან ჟესუსის ავტოგოლმა გადაწყვიტა. „ნაპოლიმ“ „სტადიო დიეგო მარადონაზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ბოლო ხუთ ტურში კი ერთადერთხელ იმარჯვა (სტუმრად „მილანთან“), რის შედეგადაც ლიდერის პოზიციაზე უკვე 7 ქულით ჩამორჩა. სხვათა შორის, ლუჩანო სპალეტის გუნდს ამ ხუთ ტურში „იუვენტუსმა“, რომელიც მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევას ცდილობს, 9 ქულა აღმოუხვრა და სხვაობა 14-დან 5-მდე შემცირდა. 6 იანვარს, მეორე წრე, სწორედ „იუვესა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებით გაიხსნება.

ვერ მოიგეს ასევე ლიგის ზონისთვის მებრძოლმა „რომამ“ და „ფიორენტინამ“. ჟოზე მოურინიოს გუნდი შინ „სამპდორიასთან“ 72-ე წუთზე ელდო შომუროდოვმა დააწინაურა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა, ხოლო „ფიორენტინა“ „ვერონასთან“ აგებდა და ბოლოს გაეტანო კასტროვილის გოლით ქულა გადაარჩინა.

და ბოლოს, მაურიციო სარის „ლაციო“, რომელმაც სტუმრად „ვენეციას“ მძიმე ბრძოლაში 3:1 მოუგო, თუმცა, ჯერ ისევ მერვე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, რომაელები ევროზონასთან ძალიან ახლოს არიან და მეორე წრეში უკეთ თუ ითამაშებენ, გამორიცხული არაფერია.

იტალიის სერია A-ში საშობაო პაუზა დაიწყო და მეოცე ტურის მატჩები 6 იანვარს შედგება. ყველაზე დიდ ინტერესს „იუვენტუსი“ – „ნაპოლისა“ და „მილანი“ – „რომას“ მატჩები იწვევს.

„ნაპოლი“ – „სპეცია“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჟუან ჟესუსი (37, ა.გ)

„ემპოლი“ – „ნაპოლი“ 2:4 (1:2)

გოლები: 0:1 კესი (12), 1:1 ბაირამი (18), 1:2 კესი (42), 1:3 ფლორენცი (63), 1:4 ტეო ერნანდესი (69), 2:4 პინამონტი (84)

„რომა“ – „სამპდორია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 შომუროდოვი (72), 1:1 გაბიადინი (80)

„ინტერი“ – „ტორინო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დუმფრისი (30)

„ვერონა“ – „ფიორენტინა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლაზანია (17), 1:1 კასტროვილი (81)

„სასუოლო“ – „ბოლონია“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ორსოლინი (36), 0;2 ჰიკი (44), 0:3 სანტანდერი (90)

„ვენეცია“ – „ლაციო“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 პედრო (3), 1:1 ფორტე (30), 1:2 აჩერბი (48), 1:3 ლუის ალბერტო (90)

თეგებისერია A
0.11638