იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ „კალიარის“ აჯობა და წელი კარგ ხასიათზე დაასრულა. გარდა იმისა, რომ ტურინელებმა მოიგეს, მეოთხე ადგილთან ჩამორჩენის შემცირებაც მოახერხეს.
„კალიარი“ გასავარდნ ზონაშია, საშინელ სეზონს ატარებს და „იუვეს“ გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, ფედერიკო კიეზა და პაულო დიბალა.
„ბებერმა ქალბატონმა“ თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანა. პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიში მოიზე კინმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს სხვაობა ფედერიკო ბერნარდესკიმ გააორმაგა, რომელმაც „იუვენტუსში“ გოლი 513-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა (მანამდე 2020 წლის 26 ივლისს). აღსანიშნავია, რომ ბერნარდესკიმ ამ მატჩში შედეგინი გადაცემაც მიითვალა და ზოგადად, ბოლო 6 თამაშში 1 გოლი და 4 საგოლე პასია მის აქტივში.
მასიმილიანო ალეგრიმ ფაბიო კაპელოს რეკორდი გაიმეორა და სერია A-ში 252-ე მატჩი მოიგო, თანაც ეს 40 მატჩით ნაკლებში გააკეთა. 2008-2009 წლების სეზონიდან კი, მას მერე, რაც ალეგრი სერია A-ში მუშაობს, მეორეადგილოსანს 60 გამარჯვებით უსწრებს.
„იუვენტუსმა“ 34 ქულას მოუყარა თავი და მეოთხეადგილოსან „ატალანტას“ 4 ქულით ჩამორჩება. ბერგამოულმა გუნდმა სტუმრად ანდრეი შევჩენკოს „ჯენოასთან“ უგოლო ფრე ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
სერია A-ს პირველი წრე ოთხშაბათს დასრულდება, როცა დანარჩენი მატჩები გაიმართება, მერე კი იტალიაში საშობაო პაუზაა და სეზონი მეორე წრით 6 იანვარს განახლდება.
„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 2:0 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, არტური (ლოკატელი 82), რაბიო (მაკკენი 46); ბერნარდესკი (დე შილიო 89), მორატა (კაიო ჟორჟე 89), კინი (კულუშევსკი 72)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„კალიარი“ (3-5-2): კრანიო; ძაპა, ჩეპიტელი, კარბონი; ბელანოვა, გრასი, დეიოლა (ოლივა 71), ლიკოგიანისი, დალბერტი (კეიტა 84); ჟოაო პედრო, პერეირო (პავოლეტი 64)
გოლები: 1:0 კინი (40), 2:0 ბერნარდესკი (83)
გაფრთხილება: კარბონი (24), დალბერტი (35), პავოლეტი (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ფედერიკო დიონისი