ფეხბურთი

19:11 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სერბეთთან ორი სპარინგის შემდეგ (მოგება და ფრე) ყირგიზეთს დაუპირისპირდა და წააგო.

მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და მეოთხე წუთზე ირაკლი თოდუამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა თუმცა, ეს ერთადერთი გოლი გამოდგა, რომელიც ასათიანის გუნდმა ამ შეხვედრაში გაიტანა. სამაგიეროდ, სტუმრებმა ორჯერ იხეირეს და ორჯერვე პირველ ტაიმში.

მე-13 წუთზე შოხრუხ მახამადამინოვმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 5 წუთის შემდეგ დუბლი შეასრულა და თავისიანები დააწინაურა. როგორც გაირკვა, ეს საბოლოო ანგარიში იყო, რადგან მერე გოლი აღარ გასულა.

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას 22 დეკემბერს დაასრულებს, როდესაც ისევ ყირგიზეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 22 იანვარს დაიწყება და საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველო - ყირგიზეთი 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 თოდუა (4), 1:1 მახამადამინოვი (13), 1:2 მახამადამინოვი (18)

0.118324