დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში მომხდარი კატასტროფისას, ალექს ძანარდიმ თავის ტვინის უმძიმესი ტრავმები მიიღო, ის ჰოსპიტალიდან გამოწერეს.
ავარია იტალიის გზებზე მოხდა, როცა ფორმულა 1-ის და ინდიქარის ყოფილი პილოტი, ხელის ველოსიპედით ვარჯიშობდა და პარალიმპიური თამაშებისთვის (რომელიც ეპიდემიის გამო გადაიდო) ემზადებოდა. ის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ძანარდის სიცოცხლისთვის ბრძოლა რამდენიმე თვე გაგრძელდა, რა დროშიც, მას რამდენიმე რთული ოპერაცია გაუკეთეს.
ახლახანს მისმა მეუღლე დანიელამ განაცხადა, რომ ყოფილი მრბოლი ჰოსპიტალიდან გამოეწერა და რეაბილიტაციის კურსს შინ გააგრძელებს.
„ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. ექიმებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომელშიც ფიზიოთერაპევტების, ნეიროფიზიოლოგების, მეტყველების აღდგენის სპეციალისტების მითითებებია გათვალისწინებული. ეს მდგრადი პროგრესის მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს დანიელა ძანარდი და დასძენს:
„ვიცი, რომ ნეგატიური დინამიკა ჯერაც მოსალოდნელია. ზოგჯერ საჭიროა ორი ნაბიჯით უკან დახევა, რათა ერთი წინ გადადგა. ალექსმა უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნამდვილი მებრძოლია. ჰოსპიტლიდან შინ დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ის უკვე ჩვენთანაა. ამას ძალიან დიდხანს ველოდით. ვიცით, რომ პერიოდულად, სპეციალური პროცედურებისთვის, იქ დაბრუნება მოგვიწევს. გვინდა ყველას, ალექსს კეთილი სურვილებით ეხმარებოდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ“.
ძანარდის კატასტროფასთან დაკავშირებით, სასამართლო გაიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ მომხდარი თავად ყოფილი პილოტის შეცდომამ გამოიწვია. შესაბამისად, სატვირთოს მძღოლს ყველა ბრალდება მოეხსნა.
ძანარდი ახლა 55 წლისაა. ის ორჯერ გახდა სერია ჩემპ ქარის (ინდიქარის განაყოფი იყო) ჩემპიონი. ფ1-ში „ლოტუსის“, „მინარდის“ და „უილიამსის“ ავტომობილებით ასპარეზობდა. 2001 წელს, გერმანიის ოვალ ლაუზიცრინგზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ორივე ფეხი დაკარგა. მაგრამ სპორტიდან არ წასულა. მონაწილეობდა ტურიგ ქარის მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ ხელის ველოსიპედით რბოლებზე გადაერთო და ლონდონის და რიოს პარალიმპიურ თამაშებზე, ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 12 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.