ფეხბურთი

20:57 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "არ მიფიქრია, რომ ნაკრებში 100-ჯერ ვითამაშებდი, ვეცდები, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ჯაბა კანკავას ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებას უკავშირდება. ჯაბა საუბრობს ეროვნულ ნაკრებში თამაშის ემოციებსა და 17 წელიწადზე, რომელიც მან საქართველოს ნაკრებში გაატარა.

„ნამდვილად არასდროს მიფიქრია, რომ ამდენი თამაშის დაგროვებას შევძლებდი. დაახლოებით, 70-80 თამაში რომ დამიგროვდა, მერე უკვე ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა მიმეღწია. თუმცა, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ 100 თამაში ვითამაშო და მერე წავიდე ან რაღაც, მატჩების რაოდენობის დაგროვება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ეს ბუნებრივად მოხდა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.

იმდენად მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. პროფესიონალური თამაში რაც დავიწყე, დაახლოებით წელიწადნახევარში უკვე ნაკრებში გამომიძახეს და ჩემთვის ეს იყო მოულოდნელობა, მაგრამ დიდი მოტივაციის მომცემი და ვცდილობდი ეს ადგილი შემენარჩუნებინა.

2004 წელი იყო, საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა „დინამო თბილისს“ უეფას თასის ჯგუფშიც გავედით და რაღაც შინაგანი გრძნობა მქონდა, რომ შეიძლებოდა ნაკრებში გამოვეძახებინე. პირველად თურქეთის ნაკრებთან სტუმრად სათადარიგო სკამზე ვიყავი, შემდეგ კი ალბანეთთან შინ ვითამაშეთ და ჩემი დებიუტი მაშინ შედგა. ამ შეხვედრაში ბევრი კარგი რაღაც დაემთხვა - დებიუტი, მოგება, სახლში სავსე სტადიონზე და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვიყავი.

პირველი, რაც შემიძლია გავიხსენო, ჟირესმა, რომ მითხრა, გახურდიო შეხვიდეო, ისეთი დაძაბული ვიყავი და ისე ვნერვიულობდი, რომ დღემდე მახსოვს ეს შეგრძნება. შეცვლაზე შევედი და ორ წუთში ყვითელი ბარათი მივიღე და იმის მერე ყვითელი ბარათები დამებედა (იღიმის). მოკლედ, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადავლახე. ალბათ, ყველას აქვს ეს გრძნობა, როცა დებიუტანტი ხარ, თუმცა შემდეგ ამ ყველაფერს ეჩვევი და მეც გადავლახე.

სათადარიგო სკამზე ყოფნის დროს თითქოს იმუხტები, როცა გუნდს ვერ ეხმარები და შემდეგ მატჩში უკვე ორმაგად უფრო გინდა, რომ ითამაშო და შენს ქვეყანას გამოადგე. ეს შეგრძნება მქონია, როცა ეროვნულ ნაკრებში ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვთამაშობდი.

გამოვარჩევ ხორვატიასთან და ბელარუსთან მატჩებს, იმიტომ, რომ ამ ორი მატჩის შემდეგ რეალური შანსი გვქონდა რაღაცისთვის მიგვეღწია და ვფიქრობ, რომ ეს ორი თამაში ამ კუთხით გამორჩეული იყო. შანსი გაგვიჩნდა, რაღაცისთვის მიგვეღწია.

რა თქმა უნდა, ალბათ, ოჯახი ყველასთვის პირველ ადგილზე დგას და წესით ასეც უნდა იყოს. მე დედაჩემთან ურთიერთობას გამოვყოფდი, ყველგან მგულშემატკივრობდა და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

ერთი მიზანი მქონდა, რომ ბევრი მევარჯიშა და დამემტკიცებინა, რომ ყოველ თამაშზე ძირითად შემადგენლობაში ყოფნის ღირსი ვიყავი. ამისთვის ბევრი შრომა იყო საჭირო და ამას ვაკეთებდი. ასეა დღესაც და ეს არის ჩემი მიზანი.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ამას ქომაგებისგან, წარმატებული პერიოდი მქონდა თუ არ მქონდა. იყვნენ კრიტიკულად განწყობილებიც, მაგრამ უმეტესობისგან ყოველთვის გვერდში დგომას ვგრძნობდი. ვეცდები, რომ როდემდეც ვითამაშებ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო“, - თქვა კანკავამ.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავამ 2004 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 100 თამაშში 10 გოლი გაიტანა. ასევე 100-ჯერ უთამაშია ნაკრებში ლევან კობიაშვილს (12 გოლი), თუმცა, მათზე მეტჯერ საქართველოს ნაკრების მაისური არავის მოურგია და ჯაბა სულ მალე რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება. 35 წლის ნახევარმცველს საკლუბო კარიერაში „დინამო თბილისის“ ვლადიკავკაზის „ალანიას“, კიევის „არსენალის“, „დნიპროს“, „კრივბასის“, „რეიმსის“, „ტობოლის“ და „ვალანსიენის“ ღირსება დაუცავს, ამჟამად კი ბრატისლავის „სლოვანში“ თამაშობს.

0.128214