იტალიელი სოფია გოჯა, ამ სეზონში დაშვების რბოლებში დაუმარცხებელია. და ახლა უკვე სუპერ გიგანტშიც კი დომინირებს. ვალ დ’იზერში დაშვების რბოლის მოგების შემდეგ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა სუპერ გიგანტის რბოლაშიც გაიმარჯვა.
კვირას მოპოვებული გამარჯვებით, გოჯა გახდა ერთადერთი ქალი მოთხილამურე, ვისაც ამ სეზონში სუპერ გიგანტი რამდნჯერმე აქვს მოგებული. „ეს ორი განსხვავებული გამოწვევაა. დაშვებაში ყოველთვის უნდა დავამტკიცო, რომ ფორმაში ვარ. სუპერ გიგანტში კი ვიცი, რომ ყველაზე ძლიერი მე არ ვარ და მოსაგებად, ბევრი გარჯა მიწევს“, - განაცხადა გოჯამ.
კვირის სუპერ გიგანტის დასაწყისში, მას საუკეთესო დრო არ ჰქონია, მაგრამ რთულ შუა სექტორში საუკეთესო იყო. საბოლოოდ, მან 0.33 წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ რაგნჰილდ მოვინკელს. მესამეზე კი იტალიელი ელენა კურტონი გავიდა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი იტალიელი, ფედერიკა ბრინიონე, მეხუთე კი მიკაელა შიფრინი იყო.
„ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სუპერ გიგანტი იყო. დასაწყისიდანვე მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი, ფინიშამდე ტემპი არ დამიგდია და გამარჯვებაც მე დამრჩა“, - განაცხადა გოჯამ, ვინც 17 დღეში მეხუთე რბოლა მოიგო და კარიერაში მოპოვებულ გამარჯვებათა რიცხვი 16-მდე გაზარდა.
ამ მოგებით, აბსოლუტურ კლასიფიკაციაში, გოჯამ მეორეზე მყოფ შიფრინთან უპირატესობა 65 ქულამდე გაზარდა. შიფრინ თავიდან ამ რბოლაში გამოსვლას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
კვირის შეჯიბრი, შუა იანვრამდე ბოლო ჩქაროსნული რბოლა იყო. მანამდე კი ქალ მოთხილამურეებს რვა ტექნიკურ სახეობაში მოუწევთ ასპარეზობა, რომლებშიც შიფრინს გოჯაზე მეტი ქულის დაგროვების რეალური შანსი ექნება.