ჩოგბურთი

2:59 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიაზე ნადალის გამოსვლა გარანტირებული არაა

რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ მისი გამგზავრება გარანტირებული ჯერ არაა. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონი აბუ დაბიში, საჩვენებელ ტურნირზე ასპარეზობს.

აგვისტოს შემდეგ, ეს მისი პირველი ტურნირია და მასზე რაფამ ორივე თამაში წააგო - ენდი მარისთან და დენის შაპოვალოვთან. 35 წლის ჩოგბურთელისთვის, თითქმის ექვსთვიან უქმეობას, რომელიც ტერფის ტრავმით არის გამოწვეული, უკვალოდ არ ჩაუვლია. გასულ სეზონში, ის როლან გაროსს ნახევარფინალში გამოეთიშა, უიმბლდონი, ტოკიოს ოლიმპიადა და აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვა.

„ვფიქრობ, რომ ავსტრალიაში ვითამაშო და რასაც შევძლებ, შევძლებ. მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, ამის გარანტიას ვერ ვიძლევი. ჩემს გუნდს უნდა დაველაპარაკო. თითქმის ექვსი თვეა, არ მითამაშია. ახლა ბევრი რამ სხვაგვარადაა. ორივე შეხვედრა ბოლომდე მივიყვანე და შანსებიც მქონდა. ეს კი პოზიტიურია. ჩემს კარიერაში, მსგავსი პროცესი ბევრჯერ გამივლია. მთავარია, ვარჯიში შემეძლოს და ჯანმრთელი ვიყო, რათა ეს პროცესი გავიარო. თუ ეს შევძელი, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები“, - განაცხადა ნადალმა.

ის დასძენს, ჩოგბურთში არ დაბრუნდებოდა, რომ არ გრძნობდეს, რომ კონკურენტუნარიანობა და უმაღლესი ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია: „მხოლოდ ფულისთვის, ან სიამოვნებისთვის არ ვთამაშობ. ჩემი მოტივაციის წყარო, მიზნების მიღწევის სურვილია. თუ ვერ მივაღწევს, არაუშავს. თუმცა მოტივაცია და მონდომება არსად გაქრება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116723